
ადგილობრივი არჩევნების წინ
პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
არჩევნების მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მრავალი წამყვანი დეპუტატი მზად არის პარლამენტარობა თბილისის საკრებულოზე გაცვალოს. რამოდენიმე გავლენიანი დეპუტატი ადგილობრივ არჩევნებში კენჭს იყრის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას აცხადებს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია თავისი არსით არა იმიტომ, რომ საქართველოს პირობებში რაღაც რეალურად შეიცვლება, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო ბატალიებს თავანთი რეიტინგის ასამაღლებლად და პოზიციების გასამყარებლად იყენებენ, რაც პოსტშევარდნაძისეული პერიოდისათვის ბრძოლით არის განპირობებული,” აცხადებს დათო ლოსაბერიძე, არსამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის ინსტიტუტიდა”.
მუნიციპალიტეტების ძირითად ფუნქციას ადგილობრივი კომუნალური პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, თუმცა როგორც ექსპერტები მიიჩნევენ საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა (საკრებულოებმა) რეალურ წარმატებას ამ მხრივ მიაღწიონ. არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო, ფინანსური ბაზა, ცენტრალური ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი და ამ პირობებში საკრებულოებმა კიდეც რომ მოინდომონ ბევრს ვერაფერს შეცვლიან.
შენარჩუნებულია რაიონული დაყოფა და წვრილი მუნიციპალიტეტები, რომელთაც ფაქტიურად არ აქვთ თვითშენახვის საშუალება. ჯერ კიდევ არ არის მიღებული ადგილობრივი საკუთრების შესახებ კანონი, რომელიც 1997 წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა მიეღოთ; არ არსებობს საბიუჯეტო უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ კანონი.
“დღეს არსებული თვითმმათველობის სისტემა სრულყოფილი არ არის. ეს ფაქტიურად საბჭოური მოდელის პერეფრაზია. ამიტომ ამ არჩევნების შედეგად სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები და ის, რასაც დასავლური გაგებით მუნიციპალიზაცია ჰქვია რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება”, აცხადებს დათო ლოსაბერიძე.
სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით არსებობს მოსაზრება, რომ წინასაარჩევნო კამპანიას პარტიები პოლიტიკური დაპირისპირებისა და 2003 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებას მოახმარენ.
წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ორპოლუსიანი ცენტრის ნაცვლად, როდესაც მეტოქეობა ბათუმსა და თბილისს შორის მიმდინარეობდა, ამჟამად მრავალი თანაბარი შანსების მქონე დამოუკიდებელი ძალა იბრძვის არჩევნებში გამარჯვებისთვის. “ეს არჩევნები უნიკალური შანსია, რომ ქვეყანაში პლურალიზმისაკენ ნაბიჯები გადაიდგას,” მიიჩნევს დავით უსუფაშვილი,იურისტი.
ამ თანაბარი ძალებისა და შანსების მქონე პარტიებს ერთი დამახასიათებელი ნიშანი აერთიანებთ – ყველა აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენს, გარდა “მოქალაქეთა კავშირისა”, რომელიც ამჟამადაც არჩევნებში მონაწილეობას, როგორც სახელისუფლო პარტია ისე იღებს. პარტიები ამომრჩეველთა ხმების მოგროვებას ერთმანეთის კრიტიკით ცდილობენ.
მრავალი პარტიის განსაკუთრებული კრიტიკის საგანი მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაახლოებული ზურაბ ჟვანიას გუნდი გახდა. მათთან დაპირისპირებით განსაკუთრებით “ახალი მემარჯვენეები” გამოირჩევიან.
ამ პარტიებს შორის წინასაარჩევნო დაპირისპირებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სამოქალაქო საზოგადოების რამოდენიმე წარმომადგენელმა საჭიროდ ჩათვალა ყველა პოლიტიკური ძალისადმი მიმართვა გაეკეთებინა.
“კამათი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის სულ უფრო იღებს აგრესიული, უკომპრომისო დაპირისპირებისა და პიროვნული შეურაცყოფის ხასიათს. აუცილებლად მიგვაჩნია ლიდერებმა დაუყოვნებლივ შექმნან მექანიზმები არჩევნების პროცესში მათი მხარდამჭერების მხრიდან ძალადობის თავიდან ასაცილებლად და საჯაროდ აიღონ პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდობიან ჩატარებაზე,” ნათქვამია 30 მაისს გავცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს გია ნოდია, რამაზ საყვარელიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი მელაშვილიდა სხვები აწერენ.
დავით უსუფაშვილის აზრით, რეალური პლურალიზმის დამკვიდრება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური ძალები ცივილურად შეძლებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასა და ამომრჩეველთა ხმების განაწილებას .
“ვფიქრობ სოციალური მღელვარების დიდი საფრთხე არსებობს. დაუმორჩილებლობა ფაქტიურად სახეზეა-კანონს არავინ არ იცავს და ეს ფაქტი ფაქტად რჩება,” აცხადებს დათო ლოსაბერიძე.
თუმცა, როგორც თავად სამართლადამცავები აცხადებენ, არჩევნებზე მდგომარეობის განსაკუთრებით გაუარესებას არ ელოდებიან. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები დესტაბილიზაციის გამოწვევას შეეცდებიან.