ახალი ამბები

საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა

ხელისუფლების განსხვავებული ტაქტიკა ამომრჩევლის გულის მოსაგებად

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად. თუმცა, სახელისუფლებო ბლოკი ამ მხრივ აქტიურობით არ გამოირჩევა.

მაშინ, როცა ცალკეულმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან დაიწყეს, სახელისუფლებო ბლოკი ამ პროცესს მხოლოდ არჩევნებამდე 20 დღით ადრე შეუდგა და 10 ოქტომბერს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ღია ცის ქვეშ მოაწყო.

“მთავარი საარჩევნო კამპანია კი არ არის, მთავარია პენსიები და ხელფასები დავარიგოთ. ეს იქნება საუკეთესო საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 15 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

“ყველა ლაპარაკობს, რომ არ რიგდება ხელფასები და პენსიები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პენსიებისა და ხელფასების დარიგება”, – დასძინა პრეზიდენტმა.

“სახელისუფლებო ბლოკი განსხვავებულ ტაქტიკას მიმართავს. ეს გამოიხატება ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაში, სოციალური საკითხების მოგვარებაში. ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ ამ არჩევნებს პარტიული კუთხით არ ვუდგებით და ამომრჩეველთან შეხვედრას არ გავურბივართ. ჩვენ საქმით ვადასტურებთ ჩვენ შესაძლებლობებს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა. 

თუმცა, ხელისუფლების მტკიცება იმის თაობაზე, რომ აქტიურად მუშაობს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, როგორც ჩანს, რეალობისგან შორს დგას. პენსიებისა და ხელფასების დროულად გაცემა გასულ წლებში, იმის აშკარა მაჩვენებელი იყო, რომ არჩევნები ახლოვდებოდა.

“სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მიხაროდა ხოლმე არჩევნების მოახლოება, იმიტომ რომ ხელისუფლება ადრე გზებს მაინც აკეთებდა საარჩევნოდ, რათა ამომრჩევლის გული ამით მაინც მოეგო. ახლა ამასაც კი არ აკეთებენ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა ტაქსისტმა თამაზ გ-მ.

“ადრე არჩევნების წინა პერიოდში ხალხს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდებოდა, დროულად გაიცემოდა ხელფასები და პენსიები, ახლა კი არჩევნებიც აღარ მოქმედებს და უშუქობასა და გაჭირვებაში ვართ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კახეთის რეგიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა თამარ მაყროშვილმა.

საბიუჯეტო კრიზისის პირობებში გაურკვეველია როგორ აპირებს ხელისუფლება უამრავი სოციალური პრობლემის მოგვარებას. 7 ოქტომბერს საგადასახადო-შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვით, საბიუჯეტო გარღვევა 2003 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 142 მილიონ ლარს შეადგენს.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერი საარჩევნო ბლოკის პასიურობა არჩევნების წინ სრულიად ბუნებრივია.

“მათ ხალხთან მისასვლელი გზა არ აქვთ, რას უნდა დაჰპირდნენ? საზოგადოებაში მათი რეპუტაცია დაბალია. მათი მხრიდან ასეთი უმოქმედობა, პრინციპში, ჭკვიანური ნაბიჯია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიას” რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.

ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. “შავი პი-არი” და ოპონენტებისადმი ცილისწამება სახელისუფლებო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიის ერთადერთ ფორმას წარმოადგენს.

გასულ კვირას სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განცხადება გააკეთა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციური ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს რუსეთის სპეცსამსახურებთან ფარულ კავშირში დასდო ბრალი.

“მათ ეს ე.წ. “შავი პი-არი” უკან შემოუბრუნდათ და საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია. ბურჯანაძის რეიტინგი არ დაცემულა, პირიქით გაიზარდა. ამ ცილისწამებით ხელისუფლებას სურს ჩაგვითრიოს ბინძურ კამპანიაში და არჩევნების წინ ქაოტური სიტუაცია შექმნას, რაც არ გამოუვა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიას” ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.
 
ია ანთაძე მიიჩნევს, რომ სარიშვილი-ჭანტურიას ეს ქმედება საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მესიჯები გავრცელდეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერთა მიმართაც. “ამ მეთოდმა ნინო ბურჯანაძესთან მიმართებაში, რომელსაც ამჟამად ყველაზე მაღალი რეიტინგი გააჩნია, არ იმოქმედა”, – დასძინა ია ანთაძემ.

თავის საარჩევნო პლაკატზე ბავშვის სახის გამოსახვით სახელისუფლებო ბლოკმა აქცენტი მომავალ თაობაზე გააკეთა. “ყველა დაიღალა პარტიების ლიდერთა ცქერით პლაკატებზე. ჩვენ მთავარი აქცენტი მომავალ თაობაზე გავაკეთეთ. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მთელი სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი იყოს გარანტი მომავალი თაობისა” – აცხადებს ელგუჯა მეძმარიაშვილმა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც სახელისუფლებო ბლოკი პრეზიდენტთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას აწყობდა, პოლიცია სტუდენტთა ერთი ნაწილის მიერ ორგანიზებულ ანტისახელისუფლებო მიტინგს არბევდა კანცელარიის შენობის წინ 10 ოქტომბერს.

“ამომრჩევლისთვის არცერთი მათი სახის წარმოსახვა საარჩევნო პლაკატზე მიმზიდველი არ იქნებოდა, ეს თავადაც კარგად იციან და ამით არის განპირობებული მათი ეს ნაბიჯი, თუმცა ბავშვის სახე პლაკატზე განუსაზღვრელია და გაუგებრობას იწვევს ხალხში”, – აცხადებს ია ანთაძე.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის “ღამის შოუს” წამყვანის ხუმრობა კი იმის თაობაზე, რომ სახელისუფლო საარჩევნო ბლოკის პლაკატზე აღბეჭდილი ბავშვი “ლევან მამალაძის უმანკოების, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას გულწრფელობის და ედუარდ შევარდნაძის ახალგაზრდული გონების სიმბოლოა” მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ნდობადაკარგული ხელისუფლების ერთადერთი შანსი წარმატებას მიაღწიოს არჩევნებში ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებაა. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია არამარტო მთლიანად ქვეყნისთვის, არამედ თავად ხელისუფლებისთვისაც, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button