ახალი ამბები

არასამთავრობოები სასამართლოს მიერ “60 წუთის” წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

(თბილისი, 13 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს შეშფოთება გამოთქვეს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პროგრამა “60 წუთს” დაეკისრა 1 მილიონი ლარის გადახდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავჯდომარისთვის აკაკი ჩხაიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

რკინიგზის დეპარტამენტის თავჯდომარემ აკაკი ჩხეიძემ, რომელიც სახელისუფლებო საარჩევნო ალიანსის ერთ-ერთი ლიდერიცაა, სარჩელი შეიტანა სატელევიზიო პროგრამა “60 წუთის” წინააღმდეგ. გასული წლის ოქტომბერში “60 წუთმა” აკაკი ჩხეიძე კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა. E

“თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სატელევიზიო კომპანიას ამხელა თანხის გადახდას აკისრებენ.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2”-ის პრეზიდენტის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, სასამართლო ცდილობს გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია საპარლამენტო არჩევნების წინ.

“60 წუთის” ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გააპროტესტა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგანაც მთავრობას დამატებითი სახსრები სჭირდება საპარლამენტო არჩევნების წინ.

ტელეკომპანია “რუსთავი-2” და “60 წუთი” აპირებენ უზენაეს სასამართლოს მიმართონ საქმის ხელახლა გადახედვის მიზნით.

მსგავსი/Related

Back to top button