skip to content
ახალი ამბები

ვალერი ხაბურძანია უარყოფს ტერორისტების არსებობას საქართველოში

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიაზე “ალ-ქაედას” ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკების არსებობას.

მინისტრმა ასეთი კომენტარი გაუკეთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში მომზადებას გადიან საერთაშორისო ტერორისტული ქსელის “ალ-ქაედას” წევრები, რომლებიც შემდგომში თურქეთის ტერიტორიაზე გადადიან. ეს ცნობა ამერიკულმა ტელეკომპანია “ეი-ბი-სი’-მ გაავრცელა.

ხაბურძანიას თქმით, 2002 წელს მან გააკეთა განცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტების, მათ შორის რუსული ხომალდის “ავრასიას” გატაცების ორგანიზატორის თოფ ჯანის, შესაძლო ყოფნის თაობაზე.

მინისტრის ინფორმაციით, იგი უკვე შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ მაილსს, რომელმაც მას განუცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელსაც თავის ცნობაში ეყრდნობა ტელეკომპანია “ეი-ბი-სი”, მისთვის არანაირი მოცაცემები არ გადაუცია.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამორიცხულია ტერორისტებისა და “ბოევიკების” მოსამზადებელი ბანაკების არსებობა”, – აღნიშნა ხაბურძანიამ.

საქართველოში ტერორისტების არსებობის შესახებ ცნობები უარყო ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ასეთ დეზინფორმაციას ისინი ავრცელებენ, ვისაც საქართველოში სტაბილიზაცია არ აწყობს.

მსგავსი/Related

Back to top button