ახალი ამბები

ჯეიმს ბეიკერმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების სქემა შესთავაზა

(თბილისი, 6 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ყოფილმა სახელწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა თბილისში ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს მთავრობას ორი რეზოლუცია დაუტოვა, რომელიც საარჩევნო მზადებას ეხება.

ერთ-ერთი დოკუმენტი ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას, რომლის მიხედვით 9 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან იქნება წარმოდგენილი, 5 კი – მთავრობიდან. კომისიის თავმჯდომარე კი ეუთო-ს წარმომადგენელი იქნება.

ამ რეზოლუციების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოში დარჩა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ელიზაბეტ ჯონსი, რომელიც თან ახლდა ჯეიმს ბეიკერს.

დღესვე “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართა და აშშ-ს პრეზიდენტს და მთავრობას მადლობა გადაუხადა მათი მხრიდან საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში გამოჩენილი ყურადღებისთვის.

“კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით, ვინაიდან დელიკატური ფორმით მოხდა ჩარევა აშშ-ს მხრიდან ამ საკითხში, რათა არც ერთი მხარის გაღიზიანება არ მოჰყოლოდა. ამ მიზნით შერჩეული იქნა  შევარდნაძის პირადი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

ბეიკერის თბილისიდან გამგზვავრების შემდეგ საგანგებო თათბირი გაიმართა ასევე სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც სახელისუფლებო ბლოკი ბეიკერის მიერ დატოვებულ რეზოლუციებს განხილავს.

“ეს დოკუმენტი მართალია აღტაცებას არ იწვევს, მაგრამ მისი შესწავლა მიმდინარეობს, ჩვენი მიზანია გაყალბების გარეშე ჩატარდეს ეს არჩევნები”, – განაცხადა სახელიუფლებო ბლოკში შემავალი სოციალისტური პარტიის ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button