ახალი ამბები

ბეიკერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

(თბილისი, 6 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებების გამართვამდე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი 5 ივლისს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეხვედრის მთავარი თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.

“სავსებით ნათელია, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ და ფინანსური მხარდაჭერას” – განაცხადა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ბეიკერთან შეხვედრის შემდეგ.

“დასავლეთი თვალყურს ადევნებს არჩევნებს და არ დახუჭავს თვალს მთელ რიგ დარღვევებზე, როგორც ეს მოხდა რეგიონის სხვა ქვეყნებში” – აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

“ჯეიმს ბეიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ეუთო-ს როლის გაზრდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ჯეიმს ბეიკერი თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. თეთრი სახლის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბეიკერის მისიის უმთავრესი მიზანია განიხილოს საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების გზები.

ჯეიმს ბეიკერს თან ახლავს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელიზაბეტ ჯონსი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button