ახალი ამბები

ბათიაშვილი ამტკიცებს, რომ საზენიტო დანადგარები რუს მშვიდობისმყოფელებს აფხაზეთში სხვა მიზნით ესაჭიროებათ

(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული სამშვიდობო ძალები კოდორის ხეობის მისადგომებთან აპირებენ საზენიტო დანადგარების განლაგებას, რათა საბრძოლო მოქმედებების თეორიული განახლების შემთხვევაშიც კი არ დაუშვან ქართველების გადაადგილება კოდორის ხეობის მიმართულებით, საითაც ერთადერთი უმოკლესი გზა სწორედ საჰაერო გზაა, – განაცხადა 29 ივნისს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა.

მისი თქმით, რუსული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობის მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ საზენიტო დანადგარები აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების გამოჩენის შემთხვევაში მათ ჩამოსაგდებად ესაჭიროებათ, სინამდვილეს არ შეეფერება და ასეთი განცხადება ჭეშმარიტების დასაფარავად გაკეთდა.

როგორც ბატიაშვილმა განაცხადა, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ თავდაპირველად სამშვიდობოების ხელმძღვანელობამ მოსკოვში საზენიტო დანადგარების თაობაზე მოთხოვნა საიდუმლოდ გაგზავნა, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ სამშვიდობოების სარდალი გენერალი ევტეევი იძულებული გახდა გადაწყვეტილების მოტივად აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ამერიკული სადაზვერვი თვითმფრინავების შესაძლო გამოჩენა დაესახელებინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button