skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში დააკავეს საქართველოში ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი პირი

(თბილისი, 25 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ქართველმა სამართალდამცავებმა რუს კოლეგებთან ერთად მოსკოვში ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი ადამიანთა გატაცებების რამდენიმე ფაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილი დააკავეს.

“მას ბრალი ედება ორი ესპანელი ბიზნესმენის, ბრიტანელი ბანკირის და სხვა პირთა გატაცებაში”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა.

28 წლის ჭიჭიაშვილზე 1997 წლიდან ძებნაა გამოცხადებული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. იგი პანკისის ხეობის მკვიდრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭიჭიაშვილი იმ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ძირითადად გატაცებებზე მუშაობდა.

გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭიჭიაშვილის ექსტრადირება საქართველოში უახლოეს დღეებში მოხდება.

ქართველმა სამართალდამცავებმა 23 ივნისს ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი ალენ ბორჩაშვილი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, იგივე დაჯგუფების კიდევ სამი წევრი იქნა დაკავებული პანკისის ხეობაში.

მსგავსი/Related

Back to top button