ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე არ ეთანხმება აშშ-ს შეფასებებს საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის მდგომარეობაზე

(თბილისი, 14 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა 13 ივნისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში გაკეთებული შეფასებები საქართველოს მიმართ “გაზვიადებულია”.

“აღინიშნა გარკვეული ფაქტები, დაკავშირებული ტრეფიკინგის პრობლემასთან. შეფასება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-მა გააკეთა, არაადეკვატურია. ამის შესახებ ჩვენ ამერიკის საელჩოს ვესაუბრეთ. რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს, მაგრამ შეფასებები გაზვიადებულია”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ადამიანთა ტრეფიკინგის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 11 ივნისს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, “საქართველოს მთავრობა იმ მინიმუმ სტანდარტებსაც კი არ ასრულებს, რაც აუცილებელია ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად”.

მოხსენების თანახმად, “იმ მთავრობებს, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ ამ მიმართულებით, პოტენციური სანქციები ემუქრებათ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button