skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო უარყოფს კოპიტნარის აეროდრომის დათვალიერების ფაქტს

(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის საელჩო საქართველოსი უარყოფს ცნობებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ამერიკელმა ექსპერტებმა კოპიტნარის აეროდრომი დაათვალიერეს ერაყის წინააღმდეგ ომში მისი შესაძლო გამოყენების მიზნით.

იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა 25 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი ახლახანს კოპიტნარის სამხედრო აეროდრომს ეწვია.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ხატია ჯინჯიხაძემ “სივილ ჯორჯიას” აცნობა, რომ ამჟამად აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის შტაბში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის არმიის წარმომადგენლები მსჯელობენ ამერიკელი სამხედროების მიერ ქართული ბაზების შესაძლო გამოყენებაზე.

“მაგრამ ამერიკელი ექსპერტები საქართველოში არ ჩამოსულან აეროდრომების დასათვალიერებლად”, – განაცხადა ჯინჯიხაძემ.

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაუთმოს ბაზები ამერიკის ავიაციას, მაგრამ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამირიკულ მხარეს ასეთი თხოვნით ჯერ არ მოუმართია საქართველოსთვის.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button