ახალი ამბები

ექატრადიცია მოხდება საქართველოს კანონმდებლობისა და მინსკის კონვენციის საფუძველზე

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველი მესაზღვრეების მიერ აგვისტოში დაკავებულ პირთა ექსტრადიცია საქართველოს კანონმდებლობისა და მინსკის კონვენციის საფუძველზე მოხდება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს 27 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს პრესს-სამსახურში აცნობეს.

იუსტიციიც მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი წკრიალაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ დაკავებულებს გააცნობენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მათი გადაცემის თაობაზე, ამასთან მათ საშუალება მიეცემათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

წკრიალაშვილის თქმით, პირებს, რომლებიც ექსტრადიციას ექვემდებარებიან, საშუალება აქვთ რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრონ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში.

“ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუგზავნა ტელეფონოგრამა, რომელშიც ლაპარაკია საქარტველოდან რუსეთში ჩეჩნების ექსტრადიციის შეჩერების რეკომენდაციის გაუქმებაზე”, – განაცხადა წკრიალაშვილმა.

მისი თქმით, უახლოეს დროში ქართული მხარე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს კომუნიკეს ოფიციალურ ტექსტს მიიღებს მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაციით.

26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა მის მიერ ადრე დაწესებული მორატორიუმი საქართველოდან რუსეთში 8 დაკავებულის პირის ექსტრადიციაზე.

2002 წლის 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართამ ახლოს 13 შეიარაღებული პირი დააკავეს. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ოქტომბერში ქართულმა მხარემ რუსეთს 5 დაკავებული გადასცა, რის შემდეგაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულთა რუსეთისთვის გადაცემის შეჩერება მოთხოვა, ვიდრე სასამართლო მათ საქმეებს შეისწავლიდა.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ მათი ექსტრადიცია არ მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button