ახალი ამბები

კრწანისის სამხედრო ბაზა 11 სექტემბერს დაღუპულთა სახელობისა გახდა

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ბაზა, სადაც ამჟამად “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიხედვით ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფებს წვრთნიან, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელობისა გახდა.

25 ნოემბერს, დილით საწვრთნელი ბაზა მოინახულა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა რიჩარდ მაიერსმა, რომელიც საქართველოში 23 ნოემბერს ჩამოვიდა სამდღიანი ვიზიტით. გენერალმა პროგრამის მსვლელობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

კრწანისის ბაზაზე ამერიკელ გენერალთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კითხვაზე, მიიღებს თუ არა პროგრამის ფარგლებში მომზადებული ქართული ანტიტერორისტული ბატალიონი მონაწილეობას ოპერაციებში საზღვარგარეთ, თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button