ახალი ამბები

ალიევი შეშფოთებულია საქართველოს მიერ ეკოლოგიური დოკუმენტების ხელმოწერის გაჭიანურებით

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ოფიციალური ბაქო აღელვებულია საქართველოს მიერ ეკოლოგიური დოკუმენტების ხელმოწერის გაჭიანურებით, რამაც, შესაძლოა, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალიზაციის ვადებზე.

“ეს ჩვენ გვაღელვებს. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, და კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმიც” მუშაობს ამ მიმართულებით”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ნატოს სამიტზე გამგზავრების წინ. “მართლაც და, საქართველოში ამჯამად ჩვენთვის გაუგებარი ქმედებები ხდება, და რადგანაც ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამის გამო ვღელავთ”, – აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, ახლა თბილისში იმყოფება “ბრითიშ პეტროლიუმის” ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. “ნოემბრის ბოლომდე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, და ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ მე შევარდნაძეს დაველაპარაკები”, – თქვა ალიევმა.

ამჟამად საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პროექტის ეკოლოგიური ზემოქმედების შემაფასებელ დოკუმენტზე მუშაობს. როგორც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში აცხადებენ, დოკუმენტი მზად იქნება ნოემბრის ბოლოსთვის.

კომპანია “ბი-პი აზერბაიჯანის” პრეზიდენტმა დევიდ ვუდვორდმა 7 ნოემბერს წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომელშიც ნათქვამია, რომ “დადებითი ეკოლოგიური შეფასების გარეშე ნავთობსადენის მშენებლობა ვერაფრით წაიწევს წინ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button