ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს ქართული მხარის ბრალდებებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 12 აგვისტო, 2002) – რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ქართული მხარის ცნობა იმის თაობაზე, რომ 100-მდე რუსი სამხედრო და შეიარაღებული აფხაზი კოდორის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა. რუსეთი ასევე უარყოფს, რომ კოდორში რუსმა სამხედროებმა ქართული ვერტმფრენი დაცხრილეს.

“ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განუცხადა სააგენტო “ინტერფაქსს” აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილენ ალექსანდრ ტრეტიაკოვმა.

როგორც დღეს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, 100-მდე რუსი ჯარისკაცი და შეიარაღებული აფხაზი შევიდა ზემო კოდორის ტერიტორიაზე, რითაც ხეობის დემილიტარიზაციის თაობაზე მიღწეული შეთანხმებები დაარღვიეს. 12 აგვისტოს კვიციანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა კოდორში ქართული ვერტმფრენი დაცხრილეს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. კვიციანი თვითონ იმყოფებოდა ამ ვერტმფრენში. დაცხრილვისას არავინ დაშავებულა.

დღესვე რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადება, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ ქართული ვერტმფრენი აფხაზებმა დაცხრილეს. მისი თქმით, ეს გაფრთხილება იყო. თუმცა, შამბამ უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ აფხაზები ზემო კოდორში შევიდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button