
საქართველომ უსტინოვი უარით გაისტუმრა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 აგვისტო, 2002) – საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ მხარეს უარი უთხრა საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციაზე, რომლებმაც თითქოს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს რუსეთის მხრიდან, – განუცხადა ჟურნალისტებს 6 აგვისტოს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა.
უსტინოვი დღეს თბილისში სპეცრეისით ჩამოვიდა დაკავებული 13 ჩეჩენის შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად. მანამდე მოსკოვში უსტინოვმა განაცხადამ, რომ ქართულ მხარეს არანაირი მიზეზი არ აქვს ჩეჩენთა გადაცემაზე რუსეთისთვის უარის სათქმელად.
როგორც უსტინოვთან მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რუსულმა მხარემ ჯერ-ჯერობით არ წარმოადგინა საკმარისი მასალები დაკავებულ ჩეჩნებთან დაკავშირებით, რაც მათ ექსტრადიციას გახდიდა შესაძლებელს. ასეთ შემთხვევაში ქართული კანონმდებლობა დაკავებულთა გადაცემის ნებას არ იძლევა.
3-5 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრეებმა შეიარაღებულ ჩეჩენთა ორი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის იყვნენ დაჭრილებიც, ერთი მათგანი კი მძიმედ. დაჭრილები მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიან.