Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორია კიდევ ერთხელ დაიბომბა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 ივლისი, 2002) – გასულ ღამეს საქართველოს ტერიტორია კიდევ ერთხელ დაიბომბა პანკისის ხეობაში ნაქერალას მთის მიდამოებში, – იტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი-2”.

ტელეკომპანიის საიფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი იყო, რომ 30 ივლისს ღამის 03.15 საათზე ცხინვალის მხრიდან ორი საფრენი აპარატი გაფრინდა და გეზი პანკისის ხეობისკენ აიღო. შემდეგ ბომბები ჩაყარეს ნაქერალას მთის მიდამოებში და 03.30-ზე საქართველოს ტერიტორიიდან გავიდნენ.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე გასული არიან თავდაცვის და უშიშროების სამინისტროების, ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტები, რათა დაადგინონ, კონკრეტულად რომელი ტერიტორია დაიბომბა და რა სახის ჭურვები იქნა ჩამოყრილი.

წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ნგრევები და მსხვერპლი არ ყოფილა, რადგან დაბომბილი ტერიტორია დაუსახლებელია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა “რუსთავი-2”-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “ეს უკვე აშკარა აგრესიაა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და თუ ქართული მხრიდან შესაბამისი დიპლომატიური და სხვა სახის რეაგირება არ იქნება, ყველაფერ ამას გაცილებით უარესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს”.

უკვე დადასტურებულია ექსპერტების მიერ, რომ წინა ღამითაც ადგილი ჰქონდა დაბომბვას და ჭურვები ჩაიყარა გირევის საგუშაგოდან 4 კილომეტრის დაშორებით, მწყემსების სახლთან ახლოს.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ იბომბება საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჩეჩენი ბოევიკები შეიძლება იმყოფებოდნენ.

27 ივლისიდან საქართველო-რუსეთის საზღვართან, ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რაიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ფედერალირ ძალებსა და ჩეჩენ მებრძოლებს შორის, რომლებიც რუსეთის მხარის განცხადებით, ჩეჩნეთში პანკისის ხეობიდან გადავიდნენ და საველე მეთაურ რუსლან გილაევის რაზმის წევრები არიან.

29 ივლისს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის მესაზღვეთა ხელმძღვანელობაც უარყოფდნენ საქართველოს მხრიდან საზღვრის მიმართულებით ვინმეს გადაადგილების ფაქტს, ხოლო პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის მხარემაც უნდა აიღოს.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებისა და სპეცსამსახურების შეყვანა სიტუაციის გამოსასწორებლად.

მსგავსი/Related

Back to top button