ახალი ამბები

“საქართველოში კორუფციას არავინ ებრძვის” – მიხეილ სააკაშვილი

მოლოდინი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე მთავრობას გადააყენებდა, არ გამართლდა. სხდომაზე პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორის ყველა დაპირისპირებულ წარმომადგენელს საყოველთაო შერიგებისაკენ მოუწოდა. “ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი ბრძოლა ორ სახელისუფლებო გუნდს შორის, რისი მომსწრენიც აქამდე არაერთხელ ვყოფილვართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გუშინდელი დაპირისპირება კორუფციასთან ბრძოლის ფრაზეოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობდა”, ასეთი შეფასებას მისცა “დილის გაზეთმა” გუშინდელ სხდომას. 

ანტიკორუფციული საბჭოს მდივან მირიან გოგიაშვილის მოხსენების ძირითადი ნაწილი ძალოვან სტრუქტურებსა და მათში არსებულ კორუფციას ეხებოდა. მისი თქმით, მათი რეფორმირებისათვის 70-80 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. ამ თანხის მიღება შესაძლობელია, თუ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას დაინახავენ. მირიან გოგიაშვილმა ყველა სახელმწიფო უწყება გააკრიტიკა. ანტიკორუფციული საბჭოს მოხსენებას ყველა გამომსვლელმა მაღალი შეფასება მისცა, თუმცა ისინი იმ მომენტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომლებიც მათთვის იყო მისაღები (“დილის გაზეთი”).

“ყველაზე ბობოქარი მინისტრის მიხეილ სააკაშვილის სამიზნე ამჯერადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო”, წერს “რეზონანსი”. “ახალი თაობის” კომენტარი სააკაშვილთან დაკავშირებით შემდეგია: “სააკაშვილი გუშინაც საკმაოდ გაბედული იყო, მან გუშინ შეკრებილ გაფართოებულ საბჭოს სხდომას ლაყბობა უწოდა, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ არაფერი გაკეთებულა”. ახალი თაობის აზრით, სხდომაზე ყველა გამომსვლელი სააკაშვილს დაუპირისპირდა. ზურაბ ჟვანიაც კი, რომელიც სააკაშვილის თანამოაზრედ ითვლება, ხელოვნურად ცდილობდა მის დაცვას.

“საქართველოში კორუფციას დღეს არავინ ებრძვის”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მის და მირიან გოგიაშვილის მიერ კორუფციაში ყველაზე მეტად ბრალდებული შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე ასეთ კომენტარს აკეთებს: “ზოგიერთს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, ამ პროცესის საკუთარ კონტროლქვეშ დაქვემდებარება სურს”. კახა თარგამაძეს უკვირს, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მთავრობის ყველა წევრი იყოს კორუმპირებული მიხეილ სააკაშვილის გარდა.

ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ პრესიდენტს მთავრობის დათხოვნა შესთავაზა. ქვეყნის პირველ პირს ეს რჩევა არ გაუზიარებია. “სხვანაირად რომ გადაწყვეტილიყო, მაშინ ერთადერთი მინისტრი უნდა წასულიყო – მიშა სააკაშვილი; ან უნდა დარჩენილიყო ის და წასულიყვნენ სხვები”, წერს “ახალი თაობა”. სხვა გაზეთებისაგან განსხვავებით, “ახალი თაობის” სტატიაში აშკარად იგრძნობა უარყოფითი დამოკიდებულება იუსტიციის მინისტრის მიმართ.

შევარდნაძემ ანტიკორუფციული პროგრამის შესასრულებლად 2-3 წლის ვადა ითხოვა. “შევარდნაძის “აკადემიური” კურსი მისაღები არ არის რეფორმატორებად მონათლული პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც მოითხოვენ გადამჭრელი ღონისზიებების სასწრაფოდ გატარებას”, წერს “დილის გაზეთი”

მსგავსი/Related

Back to top button