ახალი ამბები

ივანიშვილმა რუსეთში კუთვნილი აქტივების გაყიდვა დაასრულა

ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მილიარდერმა ლიდერმა რუსეთში კუთვნილი აქტივების გაყიდვა დაასრულა იმით, რომ კუთვნილი აგროსამრეწველო კორპორაცია 180 მლნ აშშ დოლარად გაყიდა.

რუსეთში ივანიშვილის აქტივების მმართველმა კომპანიამ „უნიკორმა“ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ აგროსამრეწველო კორპორაცია „სტოილენსკაია ნივა“ ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა „არკო ინტერნეიშენალ გრუპ“–მა იყიდა, რომლის განკარგულებაშიც ეს შენაძენი უახლოეს ორ თვეში, გარიგების ყველა პროცედური დასრულების შემდეგ გადავა.

2000 წელს დაარსებული ეს აგროსამრეწველო ჰოლდინგი მოიცავს 14 პურის ქარხანას და ხორბლის გადამამუშავებელ 5 საწარმოს რუსეთის ათ ოლქში.

ივანიშვილმა, რომელიც თბილისში ვიზიტად მყოფ ამერიკელ სენატორებს 6 სექტემბერს შეხვდა,  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთში მისი ბოლო აქტივის გაყიდვის შესახებ პირადად მოახსენა ამერიკელ პოლიტიკოსებს.

„ეს იყიდა ამერიკულმა ძალიან ცნობილმა ფონდმა და ის ილუზიები და ის სიცრუეები, რასაც სააკაშვილი ხატავს, რომ რაღაც კრემლის აგენტი, ძალიან კარგად დაინახეს, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

ეს უკვე მეოთხე მსხვილი გარიგებაა მას შემდეგ, რაც მაისში ივანიშვილმა ოთხი მსხვილი დეველოპერული აქტივი, ასევე ბანკი „როსიისკი კრედიტი“ და სააფთიაქო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“ გაყიდა. ოთხივე გარიგებით მისაღები თანხა, დაახლოებით, 1.6 მლრდ აშშ დოლარამდე აღწევს.

ივანიშვილმა, რომელსაც ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, შარშან ოქტომბერში ქართულ პოლიტიკაში მოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირების გაწყვეტის მიზნით იქ არსებულ მის ბიზნესებს გაყიდდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button