
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ჰააგაში დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორ მოსამართლეს, მათ შორის ქართველ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძეს, სანქციები დაუწესა ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებაში მათი მონაწილეობის გამო, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 18 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ლორთქიფანიძე და კიდევ ერთი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი მონგოლეთიდან, უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ისრაელის თანხმობის გარეშე ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების, დაკავების, დაპატიმრებისა და გასამართლების მცდელობებში.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში. „ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ აქცევს“.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც შეერთებული შტატები და არც ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარებიან.
სანქციების საპასუხოდ, სასამართლომ ეს ნაბიჯი „მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე აშკარა თავდასხმად“ შეაფასა.
„მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ ასეთი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, – განაცხადა სასამართლომ. „როდესაც სასამართლო ორგანოებს კანონის აღსრულების გამო საფრთხე ექმნებათ, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის არსებობაც რისკის ქვეშ დგება“.
This post is also available in: English