
საქართველოს მოქალაქემ აშშ-ში სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და აფეთქების დაგეგმვა აღიარა
ნიუ-იორკში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წაქეზებასა და მასობრივი ძალადობის დაგეგმვაში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ დანაშაული აღიარა და მას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 17 ნოემბერს.
21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილმა, რომელიც „მეთაური ყასაბის“ სახელითაა ცნობილი, აღიარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წაქეზება და ბომბებისა და რიცინის დამზადების ინსტრუქციების სხვა პირებისთვის მიწოდება. იგი ნეონაცისტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას, „მანიაკური მკვლელობის კულტს“, ხელმძღვანელობდა, რომელიც ებრაელი ხალხის, რასობრივი უმცირესობების და სხვა სამიზნე ჯგუფების მიმართ ძალადობას უჭერს მხარს. ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში კიშინიოვში დააკავეს და ნიუ-იორკში მისი ექსტრადირება განახორციელეს.
პროკურორების თქმით, ჩხიკვიშვილმა სხვები დაიქირავა აფეთქებების განსახორციელებლად და ახალი წლის ღამეს თავდასხმა დაგეგმა, რომლის დროსაც სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულ პირს ბრუკლინში რასობრივი უმცირესობებისა და ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლულ ტკბილეული უნდა დაერიგებინა.
„დღევანდელი აღიარებითი ჩვენებით, ბრალდებული აღიარებს საშინელ შეთქმულებას, რომელიც ებრაელი ხალხისა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ იყო მიმართული და დღესასწაულების პერიოდში ბავშვების ტკბილეულით მოწამვლასაც კი გულისხმობდა“, – განაცხადა FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა.
This post is also available in: English