
TI საქართველო: „ქართულმა ოცნებამ“ ივლისსა და აგვისტოში შემოწირულობების 73% მიიღო
„ქართულმა ოცნებამ“ ივლისსა და აგვისტოში პოლიტიკური შემოწირულობების 73% მიიღო, ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ორი თვის განმავლობაში ჯამში თითქმის 4.9 მილიონი ლარის შემოწირულება მიიღო, საიდანაც თითქმის 3.6 მილიონი ლარი, ანუ 73%, „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.
ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 273 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 997 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამასთან, „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 1.4 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2016 წლიდან კი — 15 მილიონი.
შედარებისთვის, 2016 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 247 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს და 586 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
This post is also available in: English