
TI საქართველო: „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის პირველ ნახევარში მიღებული შემოწირულობები ექვსჯერ აღემატება სხვა პარტიების ჯამურ შემოწირულობებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% – 6,573,370 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ორგანიზაციის თქმით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს.
31 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ორგანიზაციამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში „მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას“ გაუსვა ხაზი. ორგანიზაცია ხაზს უსვამს შემოწირულებების ანომალიურ ზრდას აჭარიდან და აცხადებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს.
„კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English