
კობახიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის დაზვერვის უფროსს, თუმცა „პრორუსულობის“ შესახებ ბრალდებები უარყო
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარყო ბრალდებები მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „პრორუსულობის“ შესახებ და მადლობა გადაუხადა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის მხილებისთვის“.
კობახიძის 21 ივლისის განცხადებას წინ უძღოდა გაბარდის განცხადება, რომელშიც იგი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დონალდ ტრამპის 2016 წლის გამარჯვების ჩაშლის მიზნით „შეთქმულების მოწყობაზე“ საუბრობდა, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების გაკეთების გზით.
„სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სთეითის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიფ სთეითის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება“, – განაცხადა კობახიძემ. „მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ, ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ“.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English