ახალი ამბები

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შეწყალებას პირდება

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 4 ივლისს განაცხადა, რომ იგი მზადაა შეიწყალოს დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები, თუ ისინი 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

„მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს“, – აცხადებს ყაველაშვილი.

ვინაიდან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან, „ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“.

This post is also available in: English

Back to top button