skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: სარეკლამო ბაზარი არაა საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 18 ივნისს საქართველოს ტელე და რადიო მაუწყებლების 2023 წლის კომერციული სარეკლამო შემოსავლების დეტალური კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წელთან შედარებით მთლიანი შემოსავლები 18.8%-ით გაიზარდა და 95 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ძირითადად სახელისუფლებო ტელეარხების კომერციული სარეკლამო შემოსავლების ზრდამ განაპირობა. ორგანიზაცია მედია სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარებას აანალიზებს და ასკვნის, რომ ის არ უწყობს ხელს მედიის გამართულ ფუნქციონირებას.

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18.6%-ით გაიზარდა უშუალოდ ტელევიზიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ 5.3%-ით 2021 წელთან შედარებით. სარეკლამო შემოსავლების ზრდას წინ უსწრებდა 2022 წლის II კვარტლიდან აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის შეზღუდვის გამო სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 7.8%-იანი შემცირება. TI საქართველო აღნიშნავს, რომ ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი ძირითადად სახელისუფლებლო (იმედი, მედიაჰოლდინგი, პოსტვ) მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა. ამასთან, მათი ჯამური  სარეკლამო შემოსავალი 3.1-ჯერ (57.1 მლნ ლარი) აღემატება ხელისუფლებისადმი  კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს (18.4 მლნ  ლარი).

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 375 512 ლარით ნაკლები, 609 376 ლარის ჯამური შემოსავალი მიიღო ღიად ანტიდასავლური და პრორუსული დღის წესრიგის მქონე ტელეკომპანია „ალტ ინფომ“. „ალტ ინფოს“ შემოსავლები სრულად მაუწყებლის 50%-იანი წილის მფლობელის, ციალა მორგოშიას მიერ შეწირული თანხაა. ციალა მორგოშია პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 457.7 ათასი ლარით ნაკლები – 372,431.08 ლარის შემოსავალი მიიღო ასევე ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელეკომპანია „ობიექტივმა“. 2023 წელს მიღებული შემოსაბლიდან, 176,965 ლარი მაუწყებლის მფლობელის შემოწირულება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე 1.14 მილიონი ლარი დახარჯეს, საიდანაც მხოლოდ 45 529 ლარი მოდიოდა სატელევიზიო რეკლამაზე. 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც პოლიტიკურ რეკლამის ნახევარზე მეტი – 631.1 ათასი ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. 2023 წელს, მაუწყებლებში ჯამში 1.6 მლნ ლარის სოციალური რეკლამა განათავსეს. სოციალური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავლები – 861.3 ათასი ლარი და 608.4 ათასი ლარი სახელისუფლებო მაუწყებლებმა „მედიაჰოლდინგმა“ (რუსთავი 2) და „პოსტვ“-მ მიიღეს.

სახელისუფლებო ტელევიზიები ლიდერობენ მსხვილი (50 000+ ლარის) სარეკლამო დაკვეთებითაც. მაგალითად, 2023 წელს, ტელეკომპანია „იმედში“ 216 ასეთი რეკლამა განათავსეს, „მედიაჰოლდიგში“ კი – 109. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიების ხარჯები 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში 3-ჯერაც კი აღემატება მათ შემოსავლებს.

2023 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 28 მაუწყებლისგან ჯამში 206 სხვადასხვა ტიპის 7 000-500 000+ ლარის ღირებულების მომსახურებით ისარგებლეს, აქედან 127 შემთხვევაში სამი პროსამთავრობო ტელემაუწყებლის – „იმედის ჰოლდინგის“ (იმედი, მაესტრო, ჯი-დი-ესი), „მედიაჰოლდინგისა“ (რუსთავი 2) და „პოსტვ-ის” მომსახურებით.

ყველაზე დაბალი შემოსავალი რეგიონულ მაუწყებლებს აქვთ. ტელეკომპანია „ოდიშმა“2023 წელს მხოლოდ 240 013,63 ლარი მიიღო. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურს, მათმა შემოსავალმა 7.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

დასკვნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ასკვნის, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი არაა საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ამას ემატება გაუარესებული კანონმდებლობა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაზე გაზრდილი წნეხი. ქართული მედია ვერ ახერხებს წარმატებულ მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბებას, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, შესაძლოა, ბიზნესგარემოში არსებული თვითცენზურაც იყოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სარეკლამო შემოსავლების უდიდესი ნაწილი სახელისუფლებო არხებზეა აკუმულირებული. ამას ერთვის ჰიბრიდული საინფორმაციო ომი და პოლარიზებული გარემო, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის მედიაგარემოს და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მედიაპლატფორმების არსებობას რთულს ხდის. ხსენებული გამოწვევები კი – განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც იზრდება პოლიტიკური რეკლამების წილი ტელევიზიებში.

შესაბამისად, ორგანიზაციის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ პროცესებზე დაკვირვება, რომლებსაც, შესაძლოა, პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა მოახდინონ მედიის გრელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე. ეს, შესაძლოა, იყოს საკანონმდებლო ინიციატივების „მსუსხავი ეფექტი“, ჟურნალისტების დაკავება-დაჯარიმება, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) შემთხვევები, რომელიც ზრდის ფინანსურ წნეხს მედიაზე. TI საქართველო ხაზს უსვამს, რომ ასეთ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მედიის საჭიროებების გათვალიწინება და მის ინსტიტუციურ მედეგობაზე გრძელვადიანი ორიენტირება.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button