![](https://civil.ge/wp-content/uploads/2018/06/Civil-Logo-11.png)
რუსეთმა დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლა
ორი ქართველი მესაზღვრე, რომლებიც რუსებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლაგოდეხი-დაღესტნის მონაკვეთთან დააკავეს, საქართველოს დღეს გადმოსცეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
შსს-მ განცხადებაში გაიმეორა, რომ კომუნიკაცია მესაზღვრეებთან მას შემდეგ შეწყდა, რაც ისინი, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდნენ.
უწყების განმარტებით, „ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა“, შსს „მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“.