skip to content
ახალი ამბები

ცესკომ საპარლამენტო, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურები და განმეორებითი კენჭისყრები დანიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხშაბათს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბრისთვის, ხოლო ორი ოლქის ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრები 22 ოქტომბრისთვის დანიშნა.

73 ერთმანდატიანი ოლქიდან ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა პირველივე ტურში 23 ოლქში გაიმარჯვეს, წინასწარი შედეგების მიხედვით; დანარჩენ 50 ოლქში კი მეორე ტურებია მოსალოდნელი.

თუმცა, ცესკომ ამ ეტაპზე მეორე ტურები მხოლოდ 48 ერთმანდატიან ოლქში დანიშნა.

ეს რაოდენობა შესაძლოა 2-ით გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება განმეორებითი კენჭისყრების შედეგები მარნეულის ერთ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე, რომელთა შედეგებიც არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევების გამო გაბათილდა.

ხმის მიცემის პროცესი 36–ე ოლქის 48–ე უბანზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 8 ოქტომბერს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე შეჭრას შეეცადნენ. ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

არსებული მონაცემებით, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი (47.91%) ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს (43.41%) 907 ხმით უსწრებს. პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის დაძლევაა აუცილებელი.

მარნეულში განმეორებითი კენჭისყრის მსგავსად, ზუგდიდის 66–ე ოლქის 38–ე, 79–ე და 108–ე უბნებზე დანიშნული განმეორებითი კენჭისყრები გადაწყვეტს ამ ოლქშიც მეორე ტურების საჭიროების საკითხს.

ზუგდიდში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობიდან (45.71%) და ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია (47.37%) – ეს უკანასკნელი 372 ხმით იგებს.

მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრების პარალელურად, ზუგდიდის 66–ე ოლქის სამ უბანზე 22 ოქტომბერს ასევე გაიმართება გამგებლის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრაც.

გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 723 ხმით უსწრებს ქართული ოცნების კანდიდატს – ამ შემთხვევაშიც ზუგდიდის სამ უბანზე დანიშნული განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს გამგებლის არჩევნების მეორე ტურის საჭიროების საკითხს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ზუგდიდთან ერთად კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში გაიმართა გამგებლების, ხოლო ქალაქ ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები.

წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში გამარჯვება მხოლოდ ჭიათურასა და წალენჯიხაში შეძლეს ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატებმა, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს.

დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში – ბოლნისსა და ხარაგაულში – ცესკომ ასევე 30 ოქტომბრისთვის დანიშნა გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები, სადაც ქართული ოცნების კანდიდატებს, რომლებიც პირველი ტურის შედეგებით ლიდერობენ,  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ასევე 30 ოქტომბერს გაიმართება ქალაქ ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა. წინასწარი შედეგებით, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი (45.98%) 690 ხმით უსწრებს ქართული ოცნების კანდიდატს (36.99%).

ცესკომ ფინანსთა სამინისტროსგან დამატებით 4.7 მლნ ლარის გამოყოფა მოითხოვა პარლამენტისა და ადგილობრივი რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურების ორგანიზებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button