skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიების რეაქციები თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით



4 აგვისტოს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანა დაზიანდა, რომელიც მომდევნო დილასაც იყო ადგილზე, სადაც პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი პარტიის და პოლიტიკური ლიდერის რეაგირება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე.

მანქანა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი გადაადგილდებოდნენ, სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა. თავად თარგამაძე და მისი მძღოლი გადარჩნენ, თუმცა ოთხი გამვლელი დაშავდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემდეგი ინგლისურენოვანი განცხადება გაავრცელა:

აფეთქება, რომელსაც წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტის ყველა ნიშანი აქვს, უკვე გაუარესებული საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ესკალაციაა. წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის სერია, მათ შორის იყო გორში დამოუკიდებელი ოპოზიციური კანდიდატისთვის სროლის ფაქტი, მხარდამჭერებთან კამპანიის ფარგლებში ოპოზიციის შეხვედრების ძალადობრივი ჩაშლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამნაშავეთა დაუსჯელობის პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან.

2012 წლიდან მოყოლებული ბატონი თარგამაძე არის ერთგული მებრძოლი საქართველოს სუვერენიტეტისთვის და რუსეთთან მიმართებაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დაშლის წინააღმდეგ. თარგამაძე რუსეთის ფედერაციის სამიზნეც გახდა, რომელმაც უკვე გაასამართლა ის გადატრიალების სავარაუდო მცდელობის გამო. საქართველოში კი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის იოსებ გოგაშვილის სამიზნე იყო, რომელიც ამ სამსახურის დე ფაქტო უფროსია და ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

ჩვენ პირდაპირ არავის ვადანაშაულებთ, სანამ სასამართლოს მტკიცებულებები არ წარედგინა. თუმცა, რაც მოხდა არის ბატონი ივანიშვილის მმართველობის მიერ წახალისებული კლიმატის შედეგი. საქართველოს მთავრობის უარმა, რომ კორცხელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე ძალადობრივ თავდასხმაში დამნაშავეები დაესაჯა – იმ ფონზე, როდესაც ეს დამნაშავეები ქართული ოცნების შეხვედრებზე ლიდერების გვერდით ჩნდებიან – ასევე გორში დამოუკიდებელი კანდიდატისთვის სროლამ, სხვა უამრავ ძალადობრივ დანაშაულთან ერთად და მათმა დაუსჯელობამ შექმნა ძალიან სახიფათო საარჩევნო გარემო მოახლოებული არჩევნების წინ. 

 იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ სამი დღე რჩება არჩევნებამდე მთავრობის მუდმივი საუბრები სისხლისღვრაზე და გადატრიალებაზე იმ სახიფათო კურსზე მიანიშნებს, რომელიც მათმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და რომელიც ამომრჩეველთა შორის შიშის გაღვივებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობა კვლავ ფოკუსირებულია საარჩევნო პლატფორმაზე და აპირებს დაამარცხოს ქართული ოცნება მშვიდობიან არჩევნებში და განახორციელოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა პოლიტიკური ანგარიშსწორების გარეშე“.


ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე: 

„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ თბილისში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. 

შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ბრალდებები „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე.

გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის. 

მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას, აგრეთვე საარჩევნო პროცესებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, რათა აღიკვეთოს ვითარების დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა. გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ დანაშაულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფად დადგენას“.


დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე: 

„რომელი პარტიის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იმართებოდეს პროცესები, გამოვაცალოთ მათ სამიზნე, ანუ ჩვენი თავი და ვუთხრათ მათ ძალიან მყარად, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ქვეყნის სასარგებლოდ და არა იმ ადამიანების სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, ვისაც ახლა თითები აქვთ გაშვერილი ერთმანეთისკენ. ერთი ერთს ადანაშაულებს ამ უმსგავსობის მოწყობაში, მეორე მეორეს ადანაშაულებს, ამასობაში ჩვენ სხვა ფაქტები, სხვა მოვლენები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ორივე ძალა წამსვლელია რაღაც უმსგავსობებზე. 

მე არ ვაბრალებ არც ერთს და არც მეორეს, ადამიანების მკვლელობის დაგეგმვას, ამას ნამდვილად არ ვაბრალებ, მაგრამ მე მაქვს საფუძველი დავინახო, რომ ორივე მხარე აღმოჩნდა შემძლე და წამსვლელი იმაზე, რომ საარჩევნო მიზნებისთვის ჩაიდინონ ისეთი ამბები, რისი ჩადენაც არ შეიძლება, მოიტყუონ, როდესაც ტყუილი არ შეიძლება, გააღვივონ სიძულვილი საზოგადოებაში, როდესაც სიძულვილი არ შეიძლება, გახლიჩონ საზოგადოება, რისი გაკეთებაც არ შეიძლება; და დღეს ჩვენ ვიმკით შედეგს იმ სიძულვილის, რაც არის დათესილი“.


ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი:

„საარჩევნო გარემო დღითიდღე უფრო იძაბება, პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელიც არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს ქმნის.  სულ რამდენიმე დღეში არჩევნებია, ამიტომ ყველა მსგავს ფაქტს პოლიტიკური ელფერი გასდევს. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, დედაქალაქის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა ააფეთქეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, თავად ფაქტი პოლიტიკოსის აფეთქების, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას.

საგანგაშოა, რომ თავგასული ორგანიზებული კრიმინალები შეუფერხებლად სჩადიან დანაშაულებს და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ. ,,თავისუფალი დემოკრატები" ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანისგან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან, ასეთი განუკითხაობა და იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს. ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისაგან, რადგან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით მათ ეკისრება“.


პაატა ბურჭულაძე, საარჩევნო ბლოკის სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი: 

„ეს არის ტერაქტი. ასეთი ტერაქტი საქართველოში არ მომხდარა 90–იანი წლების შემდეგ.  პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცხელ კვალზე სასწრაფოდ გაიხსნას ეს ტერაქტი არჩევნებამდე“. 


ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი:  

„ბუნებრივია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ფაქტი გამოძიებულ იქნას ძალიან სწრაფად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებებს, რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ სიმართლეს გავიგებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. 

ხელისუფლების ინტერესებში, წესით, ასეთი რამ ნამდვილად არ უნდა შედიოდეს იმიტომ, რომ ეს, ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესებს ურტყამს და მტკიცებულებების გარეშე, ვერ გავაკეთებ რაიმე განცხადებებს. მე მაინტერესებს ერთი რამ, რომ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდეს ეს უმსგავსობა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button