skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნულ ბანკზე სადავო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო


ეროვნული ბანკის ლოგო. ფოტო: ეროვნული ბანკი

პარლამენტმა 27 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტთა სადავო პაკეტი, რომელიც ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას და ამ უფლების ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთვის გადაცემას ითვალისწინებს, რომლის შექმნაც პირველი აგვისტოდან იგეგმება.

კანონპროექტი, რომელსაც 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციების, ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის მხრიდან; პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ ის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო პაკეტს ვეტოს დაადებს.

ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის შემადგენლობაში მყოფ, თუმცა მისგან დამოუკიდებელ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება, რაც ამჟამად ეროვნული ბანკის მოვალეობებში შედის.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავების შედეგად, ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს მმართველ 7-კაციან საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და მთავრობის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, რომელთაც პარლამენტი შვიდი წლის ვადით დაამტკიცებს.

ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საბჭოს წევრების წარდგენის პროცესში მთავრობის ჩართვით თავდაპირველი კანონპროექტი, რომელიც წევრების საპარლამენტო ჯგუფების მიერ წარდგენას და დამტკიცებას ითვალისწინებდა, „გაუარესდა“.

კანონპროექტს გადამუშავების შედეგად ასევე დაემატა პუნქტები, რომლის თანახმადაც, საბჭოს წევრს ეკონომიკური პროფილის განათლებასთან ერთად უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი სტაჟი, თუმცა ამ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის მიმართაც სასამართლომ დაადასტურა, რომ მისმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად შელახა საბანკო სექტორის აქტორთა უფლებები ან გამოიწვია ბანკის გაკოტრება; ამკრძალავ დებულებებს შორის ასევე არის პირის მძიმე დანაშაულების გამო ნასამართლეობა.

კანონპროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს უფროსს საბჭოს წარდგინებით ასევე პარლამენტი ირჩევს.

კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ოპონენტების თანახმად, არის ის, რომ ცვლილებები განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით და არა ეკონომიკური საჭიროებით. კანონპროექტის ინიცირება გასულ თვეში ქართული ოცნების წარმომადგენელთა იმ შეტევის ფონზე მოხდა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ ხორციელდებოდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოტივით, როცა ლარმა ნოემბრის შემდეგ თავისი ღირებულების 28.4% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში. ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

პარლამენტში გამართული დებატების დროს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო პოლიტიზირებულია და მისი „დეპოლიტიზირების“ მიზნით ხდება „პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღება. მეჭიაურმა გასულ თვეშიც განაცხადა, რომ საბჭოში არ არიან ის ძალები წარმოდგენილნი, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან.

„ამას მარტო ქადაგიძისთვის არ ვაკეთებთ“, – განაცხადა მეჭიაურმა 26 ივნისს დებატების დროს,
„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნული ბანკი არავინ აღარ გამოიყენოს პოლიტიკური ნიშნით“.

ეროვნული ბანკის საბჭოს მიმართ დაბალი ნდობის გამო, მისი თქმით, საჭიროა საბანკო ზედამხედველობის ისეთი მოდელის შემოღება, სადაც „საზოგადოებრივი ნდობის“ მქონე მთავრობასა და პარლამენტს თავისი წარმომადგენლობა ექნება.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებს საჯაროდ დაუჭირა მხარი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 4 ივნისს განაცხადა, რომ კრიტიკოსებს „ცუდად ესმით“ ამ ცვლილების არსი. ივანიშვილმა, რომელიც ბანკის ქართუს მფლობელია, ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებით „უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს“.

26 ივნისს საპარლამენტო განხილვების დროს ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ქართული ოცნება ამ ცვლილებების გატანას ბიძინა ივანიშვილის „დაკვეთით“ ახდენს.

„ეს აწყობს ივანიშვილს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა, „ახლა ის ითხოვს გასაღებს ბანკისას, სადაც არის ჩვენი ხალხის ფული“.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა, რომელმაც ოპოზიციაში გადასვლის გამო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თებერვალში დატოვა, განაცხადა, რომ „ვერ იქნა წარმოდგენილი საფუძვლიანი არგუმენტები“ ამ კანონპროექტის მიღების საჭიროების თაობაზე, რომლის ადაპტაციასაც, მისი თქმით, ერთი წელი მაინც დასჭირდება.

მისივე თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას შემცირებული ექსპორტის და ეკონომიკური ზრდის შენელების სახით, ამ „სარისკო“  კანონმდებლობის მიღება სრულიად შეუსაბამოა.

„პრაქტიკულად ხელისუფლება საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და აქედან გამომდინარე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას“, – განაცხადა ონოფრიშვილმა და ხელისუფლება იმ პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა, რომელიც შესაძლოა ამ კანონის მიღებით დადგეს, რადგან ეს „სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპის და მსოფლიოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მომავალ თანამშრომლობას“.

თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, განაცხადა, რომ გამოთქმული შიშები გადაჭარბებულია. მისი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება.

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი აცხადებენ, რომ „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“.

„მიგვაჩნია, რომ პარლამენტში წარდგენილი ფორმით ცვლილებების ამოქმედება დაასუსტებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და ხარისხს, საფრთხეს შეუქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას და ძირს გამოუთხრის მდგრადი ზრდის პერსპექტივებს. ახალი საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შემოთავაზებულ სტრუქტურას შესაძლოა არასათანადო დამოუკიდებლობა მოყვეს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ადრესატებს 24 ივნისს გაეგზავნათ მანამ, სანამ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია შეიცვლებოდა.

„ჩვენი საუკეთესო რჩევაა, რომ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დარჩეს“, – აცხადებს ოთხი ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წერილზე მითითებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც კენჭისყრას არ დასწრებიან, 27 ივნისს, მანამდე ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გადაწყვეტილების მიღების გადავადებისკენ მოუწოდეს. უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ამ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს თანამშრომლობა ამ და სხვა საკითხებზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავის დასკვნაში განაცხადა, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია სრულად არ შეესაბამებოდა კონსტიტუციას. თუმცა 26 ივნისს განხილვის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პროექტის გადამუშავების შედეგად ეს შეუსაბამობები გამოსწორდა. „კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც აკრიტიკებს „უარგუმენტო“ საკანონმდებლო ცვლილებებს, აღნიშნავს, რომ ის ასევე არღვევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულებისთვის 2014-2016 წლებში უნდა განხორციელდეს.

ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, საქართველო და ევროკავშირი გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ „საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ცენტრალური ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვის კუთხით, რა დროსაც მოხდება ევროკავშირისგან, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკისგან, ექსპერტული მხარდაჭერა“.

ვეტოს დადების შემთხვევაში, ქართული ოცნების 86-წევრიან უმრავლესობას მის დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს; ამისთვის სულ ცოტა 76 ხმა არის საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button