ახალი ამბები

მერაბიშვილი მთავრობის პროგრამის ძირითად პუნქტებზე საუბრობს

  • თითოეული ოჯახისთვის ოთხ წელიწადზე გაწერილი 1000 ლარიანი ვაუჩერი;
  • 4 მილიარდი ლარი სოფლის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე;
  • 3 მილიარდი ლარი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საყოველთაო დაზღვევისთვის.

პრემიერ–მინისტრად წარდგენილმა ვანო მერაბიშვილმა დღეს მთავრობის ოთხწლიანი პროგრამის ძირითადი პუნქტები გააჟღერა, რასაც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია დაეფუძნება.    

პროგრამის დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია, და ის სავარაუდოდ ან დღეს მოგვიანებით, ან სამშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც პროგრამის ტექსტი პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

მერაბიშვილმა პროგრამის ძირითად თეზისებზე დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარდგენისას ისაუბრა.

100 დოლარიანი პენსია

„2013 წელს პრეზიდენტის დაპირება 100–დოლარიანი პენსიის შესახებ შევა ძალაში“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

იგი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ოთხი წლის წინ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიცემულ დაპირებას გულისხმობდა, რომლის თანახმადაც მინიმალური პენსია 100 აშშ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო.

2012 წლის სექტემბრიდან ხელისუფლება ახალი „საპენსიო პაკეტის“ შემოღებას გეგმავს. ამ გეგმის თანახმად, პენსია არსებული 100 ლარიდან 125 ლარამდე გაეზრდებათ 67 წლის ასაკზე უფროს ადამიანებს– 25 ლარით გაეზრდებათ მათ, ვისაც სტაჟის დანამატი არ აქვს, ხოლო 15 ლარით იმ პენსიონერებს, რომლებიც ამ 10–ლარიან დანამატს იღებენ; ამასთან ერთად, სექტემბრიდან "ყველა პენსიონერი" მიიღებს 15–ლარიან სადაზღვევო პაკეტს. თუმცა, ჯამურად ეს თანხა დაპირებულ 100 დოლარს მაინც ვერ აღწევს.

იმავდროულად, ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიები საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება, ხოლო თავად საარსებო მინიმუმი გადაიხედება, რათა ის „რეალურ“ მაჩვენებელს მიუახლოვდეს. „საქსტატის“ მონაცემებით, მაისში საარსებო მინიმუმი ოჯახისთვის 251.8 ლარს, ხოლო ერთი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 150.1 ლარს შეადგენდა.

„ჯანმრთელობის დაზღვევა თითოეული მოქალაქისთვის“

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა 3 მილიარდ ლარს გამოყოფს ჯანდაცვაზე მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს დაზღვევა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ უახლოეს გეგმას წარმოადგენს საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქისთვის დაზღვევის ძირითადი პაკეტის უზრუნველყოფა. თუმცა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი „თითოეულ და ყველა მოქალაქეს“ ჯანმრთელობის დაზღვევას დაპირდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა ივნისის შუა რიცხვებში, რომ საქართველოში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა „მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში“ უნდა იქნას შემოღებული.

4 მილიარდი ლარი „სოფლის მხარდაჭერისთვის“

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების „მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მხარდაჭერა“, რათა მომდევნო ოთხ წელიწადში სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია გაორმაგდეს. 2012 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა მშპ–ში 9.6% შეადგინა.

„ამ მიზნით ვაპირებთ 4 მილიარდი ლარის ჩადებას საქართველოს სოფელში, საქართველოს სოფლის განვითარებისთვის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 1 მილიარდს გამოყოფს სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალური ფონდისთვის, რომელიც გლეხებს დაეხმარება.

მერაბიშვილმა განაცხადა 2 ივლისს: „მე ვდებ პირობას, რომ საქართველოს სოფელი გახდება საქართველოს გაძლიერების საფუძველი“.

„მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში იქნება წყალი; მე ვდებ პირობას, რომ დასრულდება გაზიფიკაციის ყველა პროექტი; მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში შევა გზა შესაბამისი ხარისხის; მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში იქნება ინტერნეტი და  თითოეული სოფლის მკვიდრს ექნება საშუალება მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მე ჩამოვთვალე“, – განაცხადა მან. 

1000–ლარიანი ვაუჩერი

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საქართველოს თითოეულ ოჯახს 1000–ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომელიც ოთხ წელიწადზე გადანაწილდება. 

„მე გამოვდივარ ახალი ინიციატივით, რომ ჩვენ მომავალი წლიდან თითოეულ ქართულ ოჯახს გადავცემთ ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს“, – განაცხადა მან, „ჩვენ გვინდა, რომ ამ ათასლარიან ვაუჩერზე თითოეულმა ოჯახმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს თანხა გამოიყენოს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც იმ წუთს, იმ დღეს იმ თვეს მას აწუხებს“.

„ჩვენი მუშაობა იქნება ძალიან დაძაბული, ჩვენ მოგვიწევს მუშაობა ძალიან ინტენსიურად. ჩემი მოთხოვნები იქნება ძალიან მკაცრი და ჩვენ ვიქნებით ყველანი ძალიან ბედნიერები თუ ჩვენ დანაპირებს შევასრულებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

Back to top button