
გარეგინ მეორე საქართველოს სტუმრობს
სომხური ეკლესიის წინამძღვარი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე 10 ივნისს საქართველოში ჩამოვიდა.
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სომხური ეკლესიის წინამძღვარს განუცხადა სამების საკათედრო ტაძარში, რომ ვიზიტი "მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისთვის“.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ძმურ ურთიერთობას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი,“ – განაცხადა ილია მეორემ.
ვიზიტის ფარგლებში გარეგინ მეორე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და სამცხე–ჯავახეთშიც გაემგზავრება.
13–15 ივნისს დაგეგმილია მისი სტუმრობა ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში და წალკაში.
სომხური ეკლესიის წინამძღვრსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე სავარაუდოდ საკუთრების შესახებ დავაც იქნება განხილული. სომხური ეკლესია თბილისში მდებარე ხუთი და ახალციხეში ერთი ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლებების შესახებ ნათქვამია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დავის საგნად რჩება სულ ცოტა 30 სხვა ეკლესიის სტატუსიც.
იმავე ანგარიშის თანახმად, სომხური ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა იმის შიშით, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აწყენინებს.
სომხური ეკლესიის წინამძღვარმა იმედი გამოთქვა სამების საკათედრო ტაძარში ვიზიტისას, რომ მისი ვიზიტი საქართველოში დაეხმარება არსებული დავის მოგვარებას; თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა დავას გულისხმობდა.
This post is also available in: English Русский