
წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში 6%–მდეა
წინასწარი მონაცემებით, პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდა 5.5%-დან 6% შეადგენს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, ზუსტი მონაცემი სექტემბრის დასაწყისში დაიდება.
“სასიამოვნოა ის, რომ ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა სექტორებზე ვრცელდება. განსაკუთრებით, ზრდა ექსპორტის მიმართულებით და ტურიზმის მიმართულებით არის აღსანიშნავი,“– აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა, „მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტორთა რაოდენობას, რომელიც გასულ წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა“.
მისი თქმით, პირველი ექვსი თვის ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა, მათ შორის დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვებსა და საბანკო დეპოზიტების კუთხით.
"გასული წლის ივლისი წლევანდელს რომ შევადაროთ, საბანკო დეპოზიტები 44%-ით გაზრდილია,“– განაცხადა გილაურმა, "ხაზი მინდა იმას გავუსვა, რომ არსებულ დეპოზიტთა რაოდენობა [3.9 მლრდ ლარზე უფრო მეტი]რეკორდულად მაღალია საქართველოს ისტორიაში“.
მთავრობის ზომიერი პროგნოზით, 2009 წლის 4%–იანი კლებით დასრულების შემდეგ, წელს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება.