
საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება
ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია მომწიფებულია აზრი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თაობაზე. სრულიად აშკარაა, რომ დღეს არსებული მმართველობის მოდელი ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც აქტიურად არიან ჩართული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობისა და მონიტორინგის პროცესში.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში კონსტიტუცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალური თანხმობით შემუშავებულ დოკუმენტს, რომელსაც ამტკიცებს დემოკრატიული გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი.
აღნიშნულის საპირისპიროდ საქართველოში ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით აპირებს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას: ივლისის ბოლოს – კანონპროექტის ინიცირება, აგვისტოში – ერთთვიანი, ფორმალური “საერთო -სახალხო განხილვის“ ორგანიზება, ხოლო სექტემბერში – ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება.
აშკარაა, რომ ასეთი პროცედურით “განხილული” და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ემსახურება, რაც, ბუნებრივია, ვერ გახდება ქართული სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი.
ამ განცხადებაზე ხელისმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებამ რეალურად უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა და საქართველოს სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
ამ ამოცანის მისაღწევად აუცილებელია, რომ შედგეს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის საფუძვლიანი, ხანგრძლივი საერთო-სახალხო განხილვის ორგანიზებით.
კონსტიტუციის არსებითი შეცვლა ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა და ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა პარლამენტმა უნდა განახორციელოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის წარმართვას ქვეყანაში.
1. პ/გ ”ახალი მემარჯვენეები (ახლები)
2. პ/გ ”ეროვნული ფორუმი”
3. პ/გ ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”
4. პ/გ ” კონსერვატიული პარტია”
5. პ/გ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
6. პ/გ ”რესპუბლიკური პარტია”
7. პ/გ ”საქართველოს გზა”
8. პ/გ ”ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა”
9. პ/გ ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”
10. პ/გ ”ხალხის პარტია”