
სასამართლომ გულაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ Georgian Times–ის მფლობელს და სახალხო მართმადიდებულური მოძრაობის ხელმძღვანელს მალხაზ გულაშვილს და მის შვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მთავარი პროკურატურა მათ ბრალს სდებს საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, ჯგუფურად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მალხაზ გულაშვილი მაისში შვილთან ერთად გაიქცა მოსკოვში ცხინვალის გავლით მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "კავკასიაში“ მომხდარი ჩხუბის გამო მისი ორგანიზაციის რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრეს. აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით მთელი რიგი აქციები უკვე გაიმართა თბილისში.
გულაშვილმა მაისში, ვიდრე ცხინვალიდან გადავიდოდა რუსეთში, განაცხადა, რომ გაქცევა იმ მოტივით გადაწყვიტა, რომ მის მოზარდ ბიჭს "გაუპატიურებით დაემუქრნენ“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პოლიცია მის დაპატიმრებასაც გეგმავდა. გულაშვილმა მაშინ ასევე აღნიშნა, რომ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას როგორც კი შვილს დააბინავებდა, თუმცა აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე ის ქვეყანაში არ დაბრუნებულა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ორთვიანი პატიმრობა იმის გათვალისწინებით შეუფარდა გულაშვილს და მისი შვილს, რომ "ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში გამოცხადებას".