
სააკაშვილი სარკოზის შეხვდა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში ”ყოველგვარი წინაპირობების და დათქმების გარეშე”.
ეს განცხადება სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტ სარკოზისთან ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
”ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი: ევროკავშირში საფრანგეთის დახმარება, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების არ შესრულება რუსეთის ფედერაციის მიერ, ისევე როგორც ნატოში ინტეგრაცია შემდგომი საქართველოსი და ორმხრივი ურთიერთობები,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ჩვენ გვყავს ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო, რომელიც მთლიანად, ბოლომდე, ყოველგვარი ყოყმანის და ყოველგვარი წინაპირობების და დათქმების გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, პრეზიდენტი სარკოზი ”როგორც ყოველთვის” შეხვედრისას ”იყო ძალიან თბილი, მეგობრული”, ისევე როგორც ”ბრწყინვალე” და ”ხანგრძლივი” შეხვედრა შედგა მათ მეუღლეებს შორის.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის რიგით პირველი ოფიციალური ვიზიტია საფრანგეთში, რომლის მსვლელობას ასევე დაემთხვა ქართული კულტურის დღეები პარიზში.
”ამ მასშტაბის ღონისძიებები, სადაც საქართველო ასე იქნებოდა წარმოდგენილი, რომელიმე სხვა ქვეყანაში არ მახსოვს. ეს არის ნაწილობრივ იმის დამსახურება, რომ პრეზიდენტი სარკოზი ასე გვიჭერს მხარს და ნაწილობრივ იმის, რომ ევროპული ქვეყანა გავხდით,”- განაცხადა სააკაშვილმა.
შეხვედრამდე გავრცელებულ პრეს-რელიზში ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ.
სააკაშვილის ვიზიტი პარიზში წინ უსწრებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ სარკოზის შეხვედრას, რომელიც 11 ივნისსაა დაგეგმილი.
“ის ფაქტი, რომ ჩემი ვიზიტი ორგანიზებული იყო პუტინის ვიზიტამდე ორი დღით ადრე ძალიან ნათელი გზავნილია… ეს ასამარებს რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ მცდელობებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე ასევე წამოიწია საკითხი იმის თაობაზე, რომ საფრანგეთი გეგმავს რუსეთს სავარაუდოდ ოთხი ”მისტრალის” ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდი მიყიდოს. ”მისტრალს” 16 ვერტმფრენის და 750 სამხედროს გადაყვანა შეუძლია.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება სარკოზის თანაშემწის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა თავის ქართველ კოლეგას, რომ ”თუ რუსეთი აპირებს მოიქცეს როგორც პარტნიორი ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში, მას უნდა მოვეპყრათ, როგორც პარტნიორს ყველა სფეროში”.
სარკოზის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა სააკაშვილს, რომ საფრანგეთი ”საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია” ევროკავშირში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო ახლო ურთიერთობებზე მოლაპარაკებების დაწყებას უჭერს მხარს.