ახალი ამბები

ოპოზიციის მხარდამჭერებმა რკინიგზა გადაკეტეს

ოპოზიციის მხარდამჭერებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე რკინიგზის ყველა სალიანდაგო ხაზი გადაკეტეს.

მომიტინგეებმა ეს ქმედება მას შემდეგ განახორციელეს, რაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს რუსთაველის გამზირიდან მსვლელობისკენ რკინიგზის გადაკეტვის მიზნით. მოპიკეტეებს რკინიგზის სადგურში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

მხარდამჭერებს ორგანიზებას უწევენ ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია და ასევე კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები. ჯერ-ჯერობით არ არსებობს რაიმე კონკრეტული გეგმა შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით.

”[პიკეტირება] გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. კონკრეტულ თარიღებზე არ ვლაპარაკობთ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”აქციები იქნება დინამიური. იქნება აქციები, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათის, ღამის ან დღის განმავლობაში გაგრძელდეს”.

გადაკეტვისას ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი დაძვრას აპირებდა და ლიდერებმა მოუწოდეს მოპიკეტეებს გაეტარებინათ, თუმცა მათგან მწვავე რეაქციის შემდეგ, მატარებელი სადგურიდან ვეღარ გავიდა. მგზავრების ნაწილმა ბილეთები დააბრუნა, ნაწილი კი კვლავ მატარებელში იცდის.

Back to top button