skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის ექვს-პუნქტიანი პასუხი ხელისუფლებას

გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები; ერთდროულად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე  – ეს 9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალების ერთობლივ განცხადებაში დაყენებული კონკრეტული მოთხოვნების შემადგენელი წინადადებებია.

ხელისუფლების მიმართ ექვს-პუნქტიანი შეთავაზება, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა, საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღს არ განსაზღვრავს, მაშინ როდესაც საუბარია საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში ჩატარებაზე პლებისციტთან ერთად, რომელიც კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე მოსახლეობის გამოკითხვას ითვალისწინებს. ამასთან, განცხადების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი კონსტიტუციური ცვლილებების გზით უნდა დადგინდეს.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას მათთან შეთანხმებით შინაგან საქმეთა და იუსტიციის ახალი მინისტრების დასანიშნად, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეთანხმებით შეცვლას.

ამასთან, ოპოზიციის შეთავაზებით, ცესკოს ახალი თავმჯდომარე სათავეში უნდა ჩაუდგეს საარჩევნო კოდექსის შემმუშავებელ ჯგუფს.

ოპოზიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას შს სამინისტროს გამოეყოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და უშიშროების სხვა ქვედანაყოფები.

მედია სივრცის გაჯანსაღების და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის კონტექსტში ოპოზიციის მოთხოვნაა დაინიშნოს შეთანხმებული კანდიდატურები საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად და სამეურვეო საბჭოს წევრებად; ხოლო მეორე არხი მართვაში გადაეცეს პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეთანხმებულ ჯგუფს.

ოპოზიციის ტრადიციულ მოთხოვნად რჩება ტელეკომპანია “იმედის” კანონიერი მესაკუთრისათვის” –  გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატრაკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება.

”ამ წინადადებების 26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში, შესაძლებელია დაიწყოს ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი,”- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

26 მაისს საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური ძალები დედაქალაქში ფართომასშტაბიან ღონისძიებას – ”სახალხო  აღლუმს” გეგმავენ, რის გამოც ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უარი თქვა დამოუკიდებლობის დღისადმის მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გამართვაზე.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 მაისს პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება ”ადეკვატურად” ვერ აფასებს ”ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს და ამიტომ შეუძლებელია მასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება”.

თუმცა მიუხედავად ამისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ წარმოადგინა საპასუხო წინადადებები იმ თემებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესთავაზა ოპონენტებს კრიზისის განმუხტვის მიზნით.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button