skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელის ანიკრიზისული გეგმა

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის გეგმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შესახებ, 14 მაისი, 2009 წელი.  

საქართველოს მართავს სააკაშვილის კორუმპირებული, ავტორიტარული რეჟიმი. დემოკრატიული კონტროლის და კანონიერების სრული იგნორირების პირობებში, სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ ქვეყნის მართვა უხეში შეცდომების, უკანონობის და დანაშაულებრივი ძალადობის სერიალად იქცა. რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის პირადი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის დონეზე დაყვანის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლებამ მარტივ და უხეშ პროვოკაციას სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურით უპასუხა. ამის შედეგად:
• დამატებით ათიათასობით დევნილია ქვეყანში, დაგვეღუპა ასობით ადამიანი;
• დამატებით დაიკარგა ტერიტორიები;
• საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა და ძლიერდება რუსული ბაზები;
• შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი;
• დაზარალდა საქართველოს და მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოება.
დღეს საქართველოს იცნობენ, როგორც ქვეყანას, რომლის ხელისუფლება დიდ პრობლემებს ქმნის თავისი ირაციონალური, სპონტანური, არაპროგნოზირებადი მოქმედებით. სააკაშვილის აგრესიულ, მილიტარისტულ რიტორიკას და საქართვე¬ლოს მეგობარი ქვეყნების შეურაცხმყოფელ კრიტიკას, სულ უფრო დიდი ზიანი მოაქვს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისათვის. საქართველოში უხეშად ილახება ადამიანის უფლებები, სრულიად იგნორირებულია სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მოთხოვნები.

ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ადეკვატურად ვერ აფასებენ შექმნილ ვითარებას და კარგავენ კონტროლს ქვეყნის მართვაზე. მოვლენათა ასეთი განვითარება მიგვიყვანს ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელსაც უმძიმესი და გამოუსწორებელი შედეგები ექნება ჩვენი ერისათვის.

სააკაშვილს და მის გარემოცვას უნდა ესმოდეს, რომ დიალოგზე გაუთავებელი ლაპარაკის ნაცვლად, აუცილებელია ქვეყნის გადასარჩენად გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის სრულყოფილ მონაწილეობას ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, აგრეთვე, იმ გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელიც თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ კრიზისს, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას.

საკონსტიტუციო ცვლილებები
უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და გადავიდეთ მართვის საპარლამენტო სისტემაზე.

სააკაშვილის გადადგომა
ქვეყანას სჭირდება განახლებული მანდატის მქონე ხელმძღვანელობა, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის წარსამართად.

რიგგარეშე არჩევნები
(ა) 2009 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს არჩევნები ყველა დონეზე (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში).
(ბ) საზოგადოებას უნდა მიეცეს დრო არაემოციურ ფონზე გააკეთოს არჩევანი, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და განვითარებისათვის.

საარჩევნო კანონმდებლობა და ადმინისტრაცია
(ა) თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია საარჩევნო სისტემის ცვლილება;
(ბ) საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პარტიული პარიტეტის დაცვით;
(გ) საარჩევნო ბარიერის განისაზღვროს 2%-ით.

საზოგადოებრივი ტელევიზიის და მასმედიის თავისუფლება
(ა) უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც დაიცავს საზოგადოებრივ ტელევიზიას ხელისუფლების დიქტატისაგან;
(ბ) უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი სამეთვალყურეო საბჭო, მასში უმრავლესობას უნდა წარმოადგენდნენ პარტიული პარიტეტით დაკომპლექტებული ოპოზიციური პარტიები, ხოლო არხის ხელმძღვანელს ხელისუფლების წარდგინებით დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო;
(გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტელეკომპანიების «რუსთავი 2»-ს და «იმედი»-ს სრული დამოუკიდებლობა. საყოველთაოდ ცნობილია და აშკარაა, რომ ამ ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მათი ფორმალური მფლობელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ ანალოგიური მექანიზმებით განხორციელდეს მაუწყებლობებზე სამოქალაქო ზედამხედველობა.

უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ბიზნესის ტერორის შეწყვეტა
(ა) უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები;
(ბ) უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებათა შელახვა, საკუთრების უფლების ხელყოფა, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენების რეკეტი პოლიტიკური ნიშნით.

ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების გეგმა
ქვეყნის მართვისა და ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ:
(ა) შეწყდეს მილიტარისტური რიტორიკა;
(ბ) შეწყდეს მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების შეურაცხმყოფელი კრიტიკა;
(გ) საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიხედოს სახელმწიფო ბიუჯეტი და განხორციელდეს ფინანსური და ეკონომიკური კოლაფსის აცილებისათვის საჭირო ცვლილებები;
(დ) გაუქმდეს ძალოვანი უწყებების პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ხარჯები – განახევრდეს თავდაცვის სამინისტროს და შსს ბიუჯეტები;
(ე) გაუქმდეს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისა და ბიზნესის რეკეტირების იარაღად ქცეული ფინანსური პოლიცია;
(ვ) გაუქმდეს მოგების გადასახადი.

ამ გეგმის განხორციელებით ქვეყანა თავიდან აიცილებს შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ გეგმის განხორციელებას.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button