ახალი ამბები

რუსეთისთვის მიუღებელია მის საზღვრებთან ნატოს სამხედრო მიახლოების გეგმები

მოსკოვისთვის მიუღებელი რჩება ნატოს გეგმები გააფართოვოს სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებისკენ – ეს ალიანთან ურთიერთობებში ”განმსაზღვრელი ფაქტორია”, ნათქვამია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 2020 წლამდე გაწერილ დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 12 მაისს დაამტკიცა.

”რესურსებისთვის კონკურენტული ბრძოლის პირობებში არ არის გამორიცხული შექმნილი პრობლემების სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტა – შეიძლება დაირღვეს არსებული ძალთა ბალანსი რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების საზღვრებთან ახლოს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ამ დოკუმენტში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები საზღვრების უსაფრთხოების ”მაღალტექნოლოგიური და მრავალფუნქციური კომპლექსებით” დაცვის საჭიროების კონტექსტში.

დოკუმენტი ასევე აფრთხილებს, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების არაკონტროლირებადმა გავრცელებამ ”შესაძლოა გაამწვავოს არსებული ან წარმოქმნას ახალი რეგიონალური და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები”.

თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე  განსაკუთრებული მეთვალყურეობა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა იარაღზე ემბარგო დაუწესა თბილისს და იმავდროულად, ეკონომიკური სანქციებით და სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტით დაემუქრა იარაღის პოტენციურ მიმწოდებელ ქვეყნებს.

”რუსეთი მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ სტაბილურობას და თანაბარუფლებიან სტრატეგიულ პარტნიორობას შესაძლოა ხელი შეუწყოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტიგენტების ყოფნამ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ამოცანების არასამხედრო მეთოდებით მოგვარების მიზნით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი შეეცდება აშშ-სთან დაამყაროს ”თანაბარი და სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორობა”, მათ შორის რეგიონალური კონფლიქტების დარეგულირების მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი შეეცდება დსთ-ს სივრცეში და ამ თანამეგობრობის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან ”რეგიონალური და სუბრეგიონალური ინტეგრაციისა და კოორდინაციის პოტენციალის” განვითარებას.

ამასთან, საუბარია მსოფლიოში ”ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის” ფორმირების შესახებ, სადაც რეგიონულ საფუძველზე არსებული პრობლემებისა და კრიზისული სიტუაციების ”არარეგიონალური ძალების მონაწილეობის გარეშე” მოგვარების ტენდენცია ყალიბდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს გადაიქცეს ზესახელმწიფოდ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში.

Back to top button