
პოლიციის სამმართველოსთან დაპირისპირება მოხდა
თბილისის პოლიციის სამმართველოსთან 6 მაისს დაპირისპირება მოხდა ეზოში მყოფ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის, რომელთაც ერთმანეთისგან ღობე ჰყოფდა. რამოდენიმე ოპოზიციის ლიდერი და აქტივისტი, ასევე ექვსი პოლიციელი დაშავდა ამ შეტაკების შედეგად.
დაძაბულობის დაწყებამდე მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ იგივე ”უცნობმა”, რომლის წინამძღოლობითაც მივიდნენ მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით პოლიციის სამმართველოსთან, მოითხოვა ოპოზიციის სამი აქტივისტის გათავისუფლება, რომლებიც პოლიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ცემის გამო ”ხულიგნობისთვის” დააკავა.
”ჩვენ თუ ამას ახლა ვაპატიებთ და იმათ არ დავიხსნით ყველანი ერთად, ასე გაგრძელდება სამუდამოდ. ყველამ იცოდეს, ჩვენ მოვდივართ ახლა დიღომში ამ ბიჭების დასახსნელად,”- განაცხადა მან თავის ემოციურ გამოსვლაში პარლამენტთან მიმდინარე მიტინგზე, მსვლელობის დაწყებამდე.
პოლიციის შენობასთან მისვლისას გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პოლიციაში ახალგაზრდები ცემეს და მათ ”გაუპატიურებით” დაემუქრნენ. ”ბავშვები გამოუშვით!”-მოუწოდებდა ის პოლიციას.
ამის შემდეგ ის ავიდა რკინის გალავანზე და მოულოდნელად გადახტა პოლიციის ეზოში, სადაც პოლიციელების ჯგუფი – და არა სპეცრაზმი – იმყოფებოდა. უკვე მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გიორგი გაჩეჩილაძე საავადმყოფოში გატეხილი ნეკნით ნაცემი მიიყვანეს. მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ძირს დააგდეს და ცემა დაუწყეს, მათ შორის ხელკეტებით.
იმავდაროულად, აქციის მონაწილეებისათვის გაურკვეველი გახდა, თუ რა ბედი ეწია გაჩეჩილაძეს, როცა პოლიციელთა შორის მისი ხილვადობა შეუძლებელი გახდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს რკინის გალავნის რყევა და პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამის შემდეგ კი უკვე ფარებითა და ხელკეტებით აღჭურვილი სპეცრაზმი გამოვიდა და დაიკავა პოზიციები ღობის გასწვრივ, თუმცა ღობის იქით არ გადასულა. ღობის მეორე მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილეები იდგნენ.
სპეცრაზმი სკანდირებდა ”მიშა, მიშა”-ს. ისინი ხელკეტებით ცდილობდნენ მომიტინგეების მოშორებას ღობიდან.
გავრცელებული ვიდეო-კადრების მიხედვით ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, შალვა ოგბაიძე, ზვიად ძიძიგური, ნინო ბურჯანაძის დაცვის ორი წევრი, ასევე ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები დაშავდნენ. კადრებში ჩანდნენ დასისხლიანებული მომიტინგეები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორმა მომიტინგემ, რომელსაც ტყვია მოხვდა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
მაშინვე ვერ გაირკვა, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები. ზოგიერთი ინფორმაციით, სპეცრაზმი რეზინის და პლასტიკურ ტყვიებს ისროდა. მაგრამ მოგვიანებით, თვითმხილველთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული იყო პლასტიკური ტყვიები.
ოპოზიციის რამოდენიმე აქტივისტმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები ქვებს ისროდნენ. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომლის თქმითაც, ის ”უკანონოდ” არ შეუშვეს დაპირისპირების დროს პოლიციის შენობაში, განაცხადა, რომ მან თავის თვალით დაინახა, თუ როგორ ისროდა პოლიცია ქვებს. აქციის მონაწილეები ასევე ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის დროშის ტარებს პოლიციის მისამართით.
ოპოზიციის ლიდერები და ასევე აქციის მონაწილე ქალები ცდილობდნენ მათგან აქციის მონაწილეების დაშორიშორებას. ერთ ეპიზოდში ჩანდა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მეგაფონით მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს: ”ყველა მოშორდით ჭიშკარს; გაცილდით შენობას!”
მოგვიანებით, ოპოზიციის მხარდამჭერებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი და გადაკეტეს მარშალ-გელოვანის გამზირი, შემდეგ კი პიკეტი გზაზეც მოიხსნა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ მიტინგზე გადაინაცვლეს.
შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ მომხდარი შეაფასა, როგორც ”ძალიან საშიში სამართალდარღვევის ფაქტი”, რომლის დროსაც არავინ არ ყოფილა დაკავებული.
”მიუხედავად ამისა პოლიციამ ძალიან თავშეკავებით იმოქმედა,”- განაცხადა მან ბრიფინგზე, ”არცერთ პოლიციელს არ დაუტოვებია პერიმეტრი, პოლიცია იცავდა შენობას ღობის შიგნიდან, მხოლოდ და მხოლოდ, ასე, რომ ეს არ ყოფილა აქციის დარბევა”.
როცა მას ჰკითხეს დაშავებულ მომიტინგეებზე, ზღულაძემ უპასუხა: ”ეთერის საშუალებით ვნახე, რომ ორივე მხარეს იყო რაღაც ნივთების სროლა, ვიცი, რომ რამოდენიმე პოლიციელს თავი აქვს გატეხილი, და ასევე კადრში დავინახე, რომ ზოგჯერ უკნიდან მოქნეული დროშის ტარით და ზოგჯერ წინიდან მოხვედრილი რაღაცა ბლაგვი საგნით იყო დაშავებულები აქციის მონაწილეების მხრიდან.
ღუდუშაურის კლინიკის მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ განაცხადა, რომ 17-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს დახმარებისთვის. ”სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის. არის ზედაპირული დაზიანებები, ზოგს უფრო ღრმად. ნაფლეთი ჭრილობებია,”- განაცხადა მან.
დაზარალებულების ნაწილმა მიმართა სხვა საავადმყოფოებს. პოლიციამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის 22 მონაწილე, პირველი არხის ერთი ჟურნალისტი და ექვსი პოლიციელი დაშავდა. მათი ეს მონაცემი ეყრდნობოდა საავადმყოფოებიდან მიღებულ ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.