
ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადადგომას ითხოვს
ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის გადადგომა მოითხოვა ”ავანსად”, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა იქნება მიღწეული.
”ჩვენ მოვუწოდებთ ყუბანეიშვილს, გენერალურ დირექტორს ამ არხისა, გადადგეს,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”ჩვენი აქცია იქნება მშვიდობიანი პიკეტირების აქცია. არ დასრულდება მანამ, სანამ არ დასრულდება ამ ქვეყანაში პირველი პირი, სანამ არ გადადგება მიხეილ სააკაშვილი და წინასწარ ავანსად ვითხოვთ გადადგეს ლევან ყუბანეიშვილი”.
პირველმა არხმა მხოლოდ ეს განცხადება გაუშვა პირდაპირ ეთერში 20 საათზე თავის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.
მანამდე ოპოზიციის ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ საკნების რაოდენობას გაზრდიან საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც ტროტუარზე მანამდეც იყო იმპროვიზირებული საკნები განთავსებული. ოპოზიციის განცხადებით, დღეს გადაიკეტება კოსტავას გამზირი, მათ შორის საკნების მეშვეობით.
ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა მოქალაქეებს გაუძლონ ამ ნაბიჯით გამოწვეულ ავტოსატრანსპორტო პრობლემებს, რადგან ”სამანქანო პრობლემის გაძლება ჯობია სააკაშვილის გაძლებას საქართველოსთვის”.
”ეს ტელევიზია არ არის ვანო მერაბიშვილის ჯიბის, ეს არის ხალხის ტელევიზია,”- განაცხადა მან საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე, ”ლევან ყუბანეიშვილი უნდა გადადგეს, წაეთრეს აქედან, თორემ ვერ ასცდება ხალხის და ჩემ რისხვას”.
ალიანსი საქართველოსთვის წევრმა ირაკლი ალასანიას გუნდიდან ზურაბ აბაშიძემ მომიტინგეებს განუცხადა, რომ ”მოთმინების ფიალა ნელ-ნელა იზრდება” საზოგადოებრივი არხის მიმართ, რადგან ”არ არის ობიექტური გაშუქება არცერთი აქციების”.
”ჩვენ არ მოვედით იმისთვის რომ რომელიმე ჟურნალისტს დავუპირისპირდეთ, ჩვენ ვუპირისპირდებით სისტემას,”- მიმართა მან მომიტინგეებს.
აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების უმეტესობა მანიფესტაციით გაემართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ.