
ვაშაძე რუსეთის მიერ სიტუაციის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას გამოიყენებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.
მისი თქმით, კონფლიქტურ რეგიონებში რუსული ძალების რაოდენობა იზრდება და სევასტოპოლიდან გამოსულია სამი რუსული სადესანტო ხომალდი. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებთან და ჩეხეთის ელჩთან ივან ჟესტრაბთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
”ეს ყველაფერი შემაშფოთებელი არის ძალიან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს აგრესიის შეჩერება არცერთი წუთითაც არ უფიქრია საქართველო წინააღმდეგ და თუ საშუალება მიეცემა ერთი წუთითაც არ დაფიქრდება, რომ ეს სამხედრო აგრესია გამოიყენოს,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
იმავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ გრიგოლ ვაშაძე 13-16 აპრილს აშშ-ის ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან და ასევე შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.