
სააკაშვილი ადასტურებს სამი თემის ირგვლივ დიალოგზე მზადყოფნას
პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგნორირება გაუკეთა მომიტინგეთა მოთხოვნას მისი გადადგომის თაობაზე და დაადასტურა მზადყოფნა, რომ ხელისუფლება მზადაა აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან ეკონომიკურ და დასაქმების საკითხებზე, უსაფრთხოების თემასა და დემოკრატიულ რეფორმებზე.
ანალოგიური შეთავაზება გააკეთა მმართველმა პარტიამ საპროტესტო აქციების დაწყებამდე, მაგრამ ეს წინადადებები ოპოზიციამ უარყო, როგორც PR-კამპანიის ნაწილი და სანაცვლოდ მოუწოდა ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისისთვის მზადყოფნის დასადასტურებლად.
9 აპრილს გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ სააკაშვილს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად 24-საათიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პასუხის მიხედვით დაგეგმავს სამომავლო მოქმედებებს.
”მე ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გუშინ თავისი აზრი გამოხატა ისე როგორც ეს შეეფერება დემოკრატიულ, მაღალი კულტურის მქონე, განვითარებულ ან განვითარების პროცესში მყოფ ევროპულ ქვეყანას,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ის საუბრობდა პირდაპირ ეთერში თავისივე ადმინისტრაციიდან, სადაც იმართებოდა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მთავრობასა და თურქულ კომპანია ანადოლუ ჯგუფს შორის.
”უახლოეს ოთხ წელიწადში – ეს არის ვადა ჩემი პრეზიდენტობის – მე და ჩემი მთავრობა ვაპირებთ საქართველოში ავაშენოთ ახალი მასშტაბის ჰიდრორესურსი, რომელიც იქნება ენგურის ელექტროსადგური ტოლი,”- განაცხადა მან.
”მე მინდა ვუთხრა გუშინ იქ შეკრებილ ხალხს და იმ ხალხს, რომელიც გამოხატავს დემოკრატიულ პროცესს. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული იმ მოქალაქის აზრი, რომელიც გამოხატავს თავის პროტესტს, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პოზიცია, რომელიც გამოხატული იქნა გუშინ,”- განაცხადა მან, ”მე გულთან მიმაქვს თითოეული მათგანის გაჭირვება, თითოეული მათგანის პრობლემა, თითოეული მათგანის მოლოდინი, თითოეული მათგანის იმედები, ვინაიდან მე კარგად ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დიდი გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც გააღრმავა ომმა და კრიზისმა”.
”დღეს ჩვენი მოქალაქეები ამ გაჭირვების გამო, ამ გამოუვალობის გამო, რომელსაც ისინი ხვდებიან, ამ უპერსპექტივობის განცდის გამო, რომელიც ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, გააჩნია, არიან გაბრაზებულები. და მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან გაბრაზებული ვარ ამ გაჭირვების, ამ პრობლემების, ამ ეკონომიკური სიდუხჭირის და იმ უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას,”- განაცხადა მან.
”მაგრამ ამ ყველაფრის გადალახვა არ არის იოლი და ეს მოითხოვს დიდ შრომას, დიდ განსჯას და სწორ გადაწყვეტილებებს,”- განაგრძო მან, ”ყველაზე მეტად ეს მოითხოვს ყველა მოქალაქის ერთიანობას, პოლიტიკური ძალების ერთიანობას მთავარ საკითხებზე, დიალოგს და ერთად ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის და მათი როლის გაზიარებას, ხელის ჩაკიდებას, ერთმანეთის გვერდზე დადგომას მთავარი საკითხების გადაწყვეტის დროს”.
”ეს მოითხოვს დიალოგს და ჩვენი მხრიდან ყოველთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ბოლო წლის განმავლობაში, იყო გამოხატული მზაობა დიალოგისთვის,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ დიალოგი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს უნდა შეეხოს.
”ეს კითხვებია: როგორ დავძლიოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; როგორ შევქმნათ და გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები და დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ ყველანი პასუხს; როგორ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და როგორ უზრუნველვყოთ უცხო ჯარების გასვლა საქართველოდან, საქართველო დეოკუპაცია; როგორ მოვახდინოთ პოლიტიკური სისტემის უფრო მეტად რეფორმირება გახსნილობისკენ, სტაბილურობისკენ, დემოკრატიული დიალოგისკენ და როგორც მოვახდინოთ, როგორ დავხვეწოთ სასამართლო სისტემა ისე, რომ საქართველო იყოს უფრო სამართლიანი ქვეყანა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის ბევრად უფრო მეტი განცდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”ყველაზე მარტივია ულტიმატუმებით ლაპარაკი და იმ პოზაში ჩადგომა, რომ მე არ მაინტერესებს მეორე ადამიანის აზრი. ყველაზე მარტივია და დიდ შრომას არ მოითხოვს კატეგორიულობა და დიალოგზე უარით თქმა,”- განაგრძო მან, ”მაგრამ რთულია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა, წყენის დავიწყება, ერთმანეთის მოსმენა, აზრების გაზიარება, თუნდაც ნაწილობრივ, შენი მოსაუბრის პოზიციის გაზიარება, მიღება და შენი პოზიციის თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეცვლა”.
”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს მთავრობის ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისთვის მზადყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ არიან პოლიტიკური ძალები რადიკალური, ნაკლებად რადიკალური, უფრო მკვეთრი რიტორიკის, უფრო შემრიგებლური პოზიციის – ჩვენ ყველას აზრი გვაინტერესებს, ჩვენ ყველასთან ვართ მზად ვისაუბროთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია ”დღეს როდესაც ქვეყანას უჭირს, დღეს როდესაც ჩვენ მოქალაქეებს უჭირს და ბევრი ოჯახი იბრძვის არსებობისთვის და თავის მომავლისთვის”.
”ახლა არის დრო, როცა ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და მოვუსმინოთ ერთმანეთს. გავიზიაროთ ერთიანი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, უზრუნველყოთ მისი უკეთესი მომავალი და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ”ძალიან კონსოლიდირებულია”, მისი ”მთავარი მიზანია ემსახუროს ხალხს” და ”ჰყავს მხოლოდ ერთი უფროსი და მხოლოდ ერთი მითითების მიმცემი, – ეს არის ქართველი ხალხი”.