ახალი ამბები

9 აპრილის ორგანიზატორი ორი პარტია ემიჯნება ძალადობას

კონსერვატიულმა პარტიამ და მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის, რომლებიც 9 აპრილის ორგანიზატორ პარტიებს შორის არიან, განაცხადეს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, იღებენ პასუხისმგებლობას აქციის მშვიდობიან ხასიათზე და  მოუწოდებენ ხელისუფლებას გააკეთონ განცხადება მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ. 

”ერთის მხრივ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ უკანონობას, კრიმინალურ ქმედებებს, მეორეს მხრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მივმართავთ, რომ მან უნდა შეწყვიტოს ეს ისტერია და 9 აპრილის დისკრედიტაციის მცდელობა,”- განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ 26 მარტს,” ეს ქმედებები მიმართულია ხალხის დაშინებისკენ… იქითკენ, რომ ხელისუფლებამ ინდულგენციები შეიძინოს და წინაპირობები შექმნას ძალადობა თავად გამოიყენოს”.

ორი პარტია ერთობლივ განცხადებაში  აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში შსს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ მასალებში და უკანონო საქმიანობაში ჩართულ არცერთ პიროვნებას არანაირი შეხება არა აქვს 9 აპრილის ორგანიზატორ ოპოზიციურ პარტიებთან. შსს-მ იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები დააკავა.

”ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის გზით ჩვენ დავიწყეთ 2007 წლის სექტემბერში, ნოემბერში, იანვარში [2008 წლის] და შემდგომ 26 მაისს ისე ჩავატარეთ 100 ათასიანი აქციები, რომ თბილისის ქუჩებში არ ჩამტვრეულა არცერთი შუშა, ასე იქნება 2009 წლის 9 აპრილს,”- განაცხადა კონსერვატორმა კახა კუკავამ, ”ჩვენი იარაღი არის შიშველი ხელები და ამ იარაღით ჩვენ ვაპირებთ დავამარცხოთ მიხეილ სააკაშვილი”. 

ერთობლივი განცხადება ასევე აფრთხილებს ოპოზიციის მხარდამჭერებს, რათა 9 აპრილამდე არ წამოეგონ ”მერაბიშვილის უწყების მომავალ პროვოკაციებს, რაც კიდევ უფრო გააქტიურდება დარჩენილ პერიოდში”.

ორი ოპოზიციური პარტია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას დააწესონ უმკაცრესი ზედამხედველობა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობაზე, რათა ”ხელისუფლებას არ მიეცეს 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგედიის განმეორების შესაძლებლობა”.

Back to top button