
ბაქრაძე ”კამიკაძე მენტალიტეტის” მქონე ოპოზიციას აკრიტიკებს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს ”კამიკაძე მენტალიტეტის მატარებელი ოპოზიცია”, რომელსაც შეუძლია ”თავი აიფეთქოს” არსებული სისტემისა თუ პრეზიდენტის დასამარცხებლად და ამას ქვეყანა გადააყოლოს.
”არის ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც თვლის, რომ მას დასაკარგი არაფერი არ აქვს,”- განაცხადა მან, ”ასეთი კამიკაძე-ოპოზიცია ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ცუდი და საშიში”.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევა შედის ”კონკრეტული ძალების ინტერესებში ჩვენი ქვეყნის გარეთ”. მან მოუწოდა აპრილში დაგეგმილი აქციების წინ ყველა ”პოლიტიკოსს” კარგად გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ”ნებით ან უნებლიეთ ხელი არ შეუწყოს ამ არამეგობრული ძალების ინტერესების განხორციელებას”.
”არიან ადამიანები, რომელსაც არ ვუყვარვართ. ამ ადამიანების ნაწილი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვოს ან ხელისუფლების შეცვლა ან პრობლემების მოგვარება – და ეს არის ჩვენთვის სიგნალი, რომ რაღაცეები უნდა შეიცვალოს ქვეყანაში,”- აღნიშნა მან.
ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრაზე საუბრისას ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია არა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, არამედ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დიალოგის რეჟიმში გადასვლა.
”თუ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს დიალოგი, ქვეყანა მიდის გახლეჩვისკენ… აქეთ პროცესი არ უნდა წავიდეს,”- განაცხადა მან, ”პროცესი უნდა წავიდეს დიალოგისკენ. პროცესი უნდა წავიდეს ისეთი სისტემის შექმნისკენ, სადაც იქნება ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ამ ძლიერ ოპოზიციას ექნება ასევე პასუხისმგებლობის განცდა ქვეყნის წინაშე. ანუ ოპოზიცია შეებრძოლება ხელისუფლებას პოლიტიკურად”.
მისი თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის იმგვარად რეფორმირება, რომ ყველას – ”რადიკალს- არარადიკალს, ზომიერს- არაზომიერს” – ჰქონდეს თავისი ადგილი ამ სისტემაში.
”ოპოზიციის უფლებები ძალიან მკვეთრად გავზარდეთ პარლამენტში,”- განაცხადა მან, ”ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ჩვენ დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია მოგვწონს ან გვიყვარს ან რაღაც შეთანხმებულები ვართ. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი უფლება ექნება ოპოზიციას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება”.
”თუ ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა ის ქვეყნისთვის საჭიროა, საშიში კი არ არის და ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რომელაც აქვს ბევრი უფლება, რომელსაც აქვს ბევრი ბერკეტები,”- განაგრძო ბაქრაძემ, ”ჩვენ არ გვეშინია პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის, ქვეყნისთვის საშიშია უპასუხისმგებლო ოპოზიცია”.
მისი თქმით, ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის შედეგად არ უნდა დაზარალდეს და იგივე ”ჭაობში მეორეჯერ” აღარ უნდა შევიდეს, რომელშიც 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დროს იმყოფებოდა.
”თუ ჩვენი პოლიტიკოსების ბრძოლას ჩვენ გადავაყოლეთ ქვეყანა, მაშინ ასეთი პოლიტიკოსის ფასი კაპიკი კი არ არის, დასაჭერია უბრალოდ ასეთი პოლიტიკოსი,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ”ჩვენ ერთმანეთს უნდა ვებრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და არა იმისათვის, რომ ჩვენ ბრძოლას ქვეყანა გადავაყოლოთ და ქვეყანა დავანგრიოთ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად”.
იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ეთერში საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეკონომიკური სირთულეებისა და უმუშევრობის დაძლევა ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა უნდა იყოს კონსოლიდირებული და არ უნდა ”მოდუნდეს”, რათა მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.