
მეთიუ ბრაიზა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა დღეს დილიდან შეხვედრებს მართავდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
ბრაიზამ 13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარეთან დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ”მიესალმება” განსხვავებული პოლიტიკური აზრის მშვიდობიანად, ”ძალადობის გარეშე” გამოხატვას.
”ეს დისკუსიები ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, რომელიც ჩვენს უზენაეს ინტერესს წარმოადგენს მსოფლიოს ამ კუთხეში და [ასევე ხელს უწყობს] შემდგომი არჩევნებისთვის მომზადებას, რომელიც 2013 წელს იგეგმება,”- განაცხადა მან.
დღევანდელ შეხვედრებზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომელთა უმრავლესობაც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს, სთხოვეს მას განემარტა 2013 წლის არჩევნებზე გაკეთებული განცხადება. სააკაშვილი თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ის 2013 წლამდე აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას.
”მქონდა საუბარი მეთ ბრაიზას გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც ის საუბრობდა 2013 წლის არჩევნებზე,”- განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”მან [ბრაიზამ] დააზუსტა, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი როდის იქნება არჩევნები 2009-ში, 10-ში, 12-ში თუ 13-ში. უბრალოდ, მან იგულისხმა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის, როცა ის ჩატარდება უნდა იყოს ნორმალური საარჩევნო კოდექსი და გარემო”.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელ დიპლომატთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა: ”მან [ბრაიზამ] განაცხადა, რომ დანიშნულია არჩევნები 2013-ში და ეს ასეც არის. მანამდე ვადამდელი არჩევნები ჯერ-ჯერობით არ არის დანიშნული”.
მისი თქმით, აშშ დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს და ”ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას”.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მოძრაობა დემოკრატიული საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრაიზასთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ”ბრაიზამ ბრძანა ჩემთან საუბრის დროს, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი როდის ჩატარდება რომელი არჩევნები, ამაში აშშ არ ჩაერევა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია”.
”ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ როდის უნდა ჩატარდეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები, როდის საპარლამენტო არჩევნები,”- განაგრძო მან, ”და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას”.
დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა განაცხადა, რომ შეხვედრისას ”მე აშკარად ვნახე, რომ ბატონი ბრაიზა ვერ ხედავს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას და ქვეყანაში სწრაფად ხელისუფლების ცვლილებას”.
”დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბრაიზას არ შეცვლია აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მას მიაჩნია, რომ ქვეყანას ჰყავს კარგი ხელისუფლება, რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ,”- განუცხადა ბაღათურიამ ჟურნალისტებს.
საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე რუსული ფაქტორის არსებობაზე მიანიშნა.
”ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ საქართველო, სადაც ორი მოთამაშის გარდა არის მესამე უხილავი მოთამაშეც,”- განაცხადა მან ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ, ”ოპოზიციური ლიდერები, თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილებიც კი, ძალიან კარგად ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება იმ საფრთხეების გააზრებას, რომელიც ამ დაძაბულ ვითარებაში საქართველოს წინაშე დგას. ამიტომ არანაირი გამართლება არ ექნება არანაირი ძალადობის გამოვლენას არც ხელისუფლების მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან და იმედი მაქვს, რომ მსგავსი მცდელობას არ იქნება”.
დღევანდელ შეხვედრებს არ დასწრებიან ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, რომელთა ლიდერიც შალვა ნათელაშვილი ამჟამად აშშ-ს სტუმრობს ვიზიტით.
”თავისუფალი არჩევნები ეს არის ქართველი ხალხის და მთავარი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი და არა მეთიუ ბრაიზას საკითხი,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემ.