ახალი ამბები

სააკაშვილი 2013 წლამდე გეგმებზე საუბრობს, ოპოზიცია კი საპროტესტო მოძრაობას აძლიერებს

მაშინ როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მისი ვადის ამოწურვამდე – 2013 წლამდე დასავლეთ საქართველოს განვითარების გეგმებზე საუბრობდა, თბილისში, რიყეზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი საპროტესტო კონცერტზე, რომელიც იყო ერთგვარი რეპეტიცია იმ საპროტესტო აქციებისა, რომელიც 9 აპრილიდან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით უნდა დაიწყოს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ ახლა უმთავრესი პრიორიტეტია, რომ საქართველოში არ იქნას დაშვებული ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი.

”მე ვეტყვი მათ, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო უკვე კრიზისშია, თუ რა არის რეალური ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი; ეს არის, როდესაც პენსიონერებს და მასწავლებლებს ეტყვიან, ”ბოდიში, მაგრამ პენსიები ან ხელფასები არ არის” – ეს არის ის ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინასა და რუსეთში,” – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება გუშინ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან პირადად გადასცა ლიცენზიები იმ პირველ ორ ფირმას, რომლებიც ფოთში თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში სამუშაოდ დარეგისტრირდნენ. 

”მე მინდა გითხრათ როგორ იქნება, ჩემი აზრით, ხედვა ფოთი და ბათუმი 2013 – ეს არის ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლო,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ვინაიდან მე უკვე მაქვს გამოცდილება, რომ შევასრულო 4 წლის წინანდელი დაპირებები, 2005 წელს ვგულისხმობ, აქედან 4 წელიწადში როგორ წარმომიდგენია მე ამ რეგიონის განვითარება ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”.

მან განაცხადა, რომ 2013 წელს ბათუმი და ფოთი იქნება ”ერთიანი მეგაპოლისი – არა ადმინისტრაციულად, არამედ ეკონომიკურად”.

”იქ იქნება დაახლოებით 30,40 ან 50 ცათამბჯენი – შეიძლება იგივე რაოდენობა, რაც დუბაიშია; ბათუმში უკვე მომავალ წელს იქნება ათი შენობა იგივე კლასის, როგორიც დუბაიშია – მე არ ვაზვიადებ; ისინი ახლა შენდება. ეს იქნება ქალაქი  [ფოთი და ბათუმი ერთად] სულ ცოტა ნახევარი მილიონი ადამიანით… და ეს იქნება მეგაპოლისი თითქმის 100%-იანი დასაქმების დონით 2013 წელს. და ეს იქნება საუკეთესო ადგილი შავი ზღვის სანაპიროზე,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ იმ დროისთვის ფოთს ექნება დიდი აეროპორტი და ბათუმის აეროპორტის შესაძლებლობები გაფართოვდება.

”აფხაზეთის და სოხუმი აუცილებლად იქნება დაკავშირებული ყველაფერ ამასთან – არავის უნდა ჰქონდეს რაიმე ილუზია ამის თაობაზე, რადგანაც უბრალოდ შეუძლებელია, რომ განვითარების ასეთ ტემპს არ მოყვეს დეზინტეგრაციის პროცესების შეცვლა, განსაკუთრებით იმ პრობლემების ჭრილში, რომელსაც ამჟამად ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი [რუსეთი] განიცდის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ იგი მიესალმა რას ალ ხაიმას ინვესტორებს და მათ უწოდა ”ყველაზე კვალიფიცირებული ხალხი, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია”. ”მათ მუშაობა ომის დროსაც კი არ შეაჩერეს, როდესაც იბომბებოდა ფოთის პორტი; ჩვენი მეგობრობა მყარია და მუდმივად გაგრძელდება,” – დასძინა მან.

გარდა ფოთის ინდუსტრიული ზონისა, რას ალ ხაიმას საამირო მისი საინვესტიციო ფონდის საშუალებით ორი მრავალმილიონიანი პროექტის ინვესტირებასაც ახორციელებს – ესაა Uptown Tbilisi და Tbilisi Heights. ამავე საამიროს ინვესტორები ასევე არიან კავშირში ორ სადავო გარიგებასთან, მათ შორისაა ტელეკომპანია ”იმედის” აქციების შეძენა და მთაწმინდის პარკის იჯარით აღება.

მაშინ როდესაც სააკაშვილი შერატონ მეტეხი პალასში გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა, რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით რიყეზე ”საპროტესტო კონცერტი” მიდინარეობდა. აქციის მონაწილეები – რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 5 000-დან 10 000-მდე მერყეობდა – 2 საათის მანძილზე უსმენდნენ მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე ”უცნობის” კონცერტს. გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც სტუდია ”მაესტროს” იპროვიზირებულ ციხეში იმყოფება, საკნიდან გამოსვლას მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ აპირებს.

კონცერტის შემდეგ, რომელსაც რამოდენიმე ოპოზიციური ლიდერიც დაესწრო – მათ შორის ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე – მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ და მოგვიანებით მშვიდობიანად დაიშალნენ.

Back to top button