ახალი ამბები

ოპოზიცია საერთო მიზნისკენ სხვადასხვა გზებით მიდის

სულ ცოტა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაყენებლად ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყებისკენ 9 აპრილს მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს ახლადშექმნილი ალიანსი იმავე საკითხზე რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით გამოვიდა.

კონსერვატიულმა პარტიამ, საქართველოს გზამ, ხალხის პარტიამ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პრეზიდენტ სააკაშვილის 9 აპრილამდე გადადგომა მოითხოვა.

ორშაბათს და სამშაბათს გამართულ ცალ-ცალკე პრესკონფერენციებზე ამ პარტიების ლიდერებმა არ გაიზიარეს მოწოდებები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

”სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს,” – განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 24 თებერვალს.  პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე აპირებენ ”ცხოვრებას”, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება. ”საპროტესტო აქციები დაიწყება სხვა ქალაქებშიც,”- აღნიშნა მან.

ნინო ბურჯანაძემ 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაასრულა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების პირველი ეტაპი და მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ  სააკაშვილი 9 აპრილამდე უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ ყველა რესურსი ამოწურულია და მიზნის მისაღწევად ანუ ქვეყნის გადასარჩენად რჩება ერთადერთი გზა – საპროტესტო აქციების დაწყება და მათი გაგრძელება მანამ, სანამ პრეზიდენტი იძულებული არ გახდება დატოვოს თანამდებობა”.

ახლადშექმნილმა ალიანსმა საქართველოსთვის, რომელიც აერთიანებს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს, ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს, მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ათი დღის ვადაში დანიშნოს რეფერენდუმი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ტაქტიკაში სხვაობა ”ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს,” რადგანაც ამ პარტიებს ერთი მიზანი აერთიანებს, მაგრამ ”ფაქტიურად, ეს სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია”. მისი თქმით, ალიანსს არ სურს გახდეს საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ წინასწარ გამოცხადებული ვადების ”მძევალი”. 

”ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თარიღი; ეს პროცესი მიგვიყვანს ჩვენ ვადამდე და არა პირიქით,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სხვაობა ტაქტიკაში არ ნიშნავს კონფრონტაციას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. მისი თქმით, მრავალმხრივი ტაქტიკის მიზანი შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთავარი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებაა.

თუმცა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააფრთხილა, რომ განსხვავებულმა მიდგომებმა შესაძლოა დააბნიოს ოპოზიციის მხარდამჭერები და ზიანი მიაყენოს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით წამოწყებულ კამპანიას.

დავით უსუფაშვილმა არ გამორიცხა, რომ ალიანსის მიერ წამოწყებული ”პროცესი” შესაძლოა ასევე გაგრძელდეს საპროტესტო აქციებთან შეერთებით, რისკენაც სხვა პარტიები 9 აპრილისთვის მოუწოდებენ.

ეროვნული ფორუმი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების რეჟიმშია და კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია აქციებთან შეერთების თაობაზე.

”თარიღზე უფრო, ახლა მნიშვნელოვანია, თუ როგორ მივდივართ ამ თარიღამდე და აქცია, რომ წარმატებული იყოს,”- განუცხადა Civil.ge-ს ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა, ”ჩვენ კონსულტაციები გვაქვს როგორც ალასანიას ალიანსთან, ისე ნინო ბურჯანაძესთან და სხვა პარტიებთან, რათა შემუშავდეს ერთიანი  სამოქმედო გეგმა”. 

 

Back to top button