
პოლიცია და ჯარი ხალხის მხარეს დადგება – ბიწაძე
ქართული პოლიცია და ჯარი ხალხის მხარეს დადგება და 7 ნოემბრის მსგავს ბრძანებებს აღარ შეასრულებს, რადგან ძალოვანებში აგვისტოს მოვლენების შემდეგ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობამ იმატა, განაცხადა სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ.
”მე დარწმუნებული ვარ და ეს ასეც იქნება, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დადგებიან თავისი ხალხის და სიმართლის გვერდით,”- განაცხადა მან, ”ამის ფორმები ძალიან ბევრი არსებობს, თუნდაც ის, რომ მათ უარი თქვან ისეთი ბრძანებების შესრულებაზე, რომელიც ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია გაიცეს, მაგრამ შემსრულებლები ნამდვილად არ ეყოლებათ”.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლემ ეს განცხადება ტელე-რადიო ”იმედის” გადაცემა ”დღის ქრონიკაში” საუბრისას გააკეთა. ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევის ერთადერთი გზა საპროტესტო აქციებია.
7 ნოემბერზე საუბრისას, ბიწაძემ, რომელიც იმ პერიოდში სასაზღვრო პოლიციას ხელმძღვანელობდა და შს მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ აქციის დაშლის დროს ”ნამდვილად ჰქონდა გადაჭარბებას ადგილი” ძალოვანების მხრიდან.
ჟურნალისტის კითხვაზე წყნეთის აგარაკის ირგვლივ არსებულ მითქმა-მოთქმასთან დაკავშირებით, ბიწაძემ განაცხადა, რომ მისი ოჯახი არ აპირებს ამ აგარაკზე უარის თქმას, თუმცა არ არის სიმართლე, რომ აგარაკი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძემ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად – გადაეცა მას შემდეგ, რაც მან დატოვა ხელისუფლება.
”უნდა გადავიხადოთ 300 ათასი ლარი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება აგარაკი ჩვენი საკუთრება,”- განაცხადა ბიწაძემ.