
სოხუმი და ცხინვალი საზღვარზე ქართველი მებაჟეების განლაგებას ეწინააღმდეგებიან
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის მათი რეგიონების მონაკვეთზე რუსულ-ქართული, ერთობლივი საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას.
თბილისი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ფსოუსა და როკის გვირაბის ერთობლივ გაკონტროლებას ითხოვს. ქართულმა მხარემ 22 თებერვალს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად განაცხადა, რომ რუსეთთან ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და დეტალები მარტსა და აპრილში დაგეგმილ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდებზე დაზუსტდება.
”როკს ვერავინ ვერ გააკონტროლებს სამხრეთ ოსური მხარის გარდა,”- განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში, ”თუ რუსებსა და ქართველებს სურთ ერთობლივი გაკონტროლება, ეს შეუძლიათ გააკეთონ საქართველო-სამხრეთ ოსეთის [ადმინისტრაციულ] საზღვარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი, საქართველო და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ვინც ამას მოინდომებენ, მტკიცე უარს მიიღებენ ”.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას წარმოუდგენლად მიაჩნია ქართველი მებაჟეების ფსოუზე განლაგება.
”თუ ლაპარაკია ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენთან უნდა მოილაპარაკონ,”- აცხადებს შამბა.
თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სოხუმი და ცხინვალი ამ გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგებიან.